ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ შეხვედრას ფრენსის ტიაფოსთან გამართავს

მადრიდში პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცის ეგიდით მასტერსის Mutua Madrid Open 1000-იანი სერიის ტურნირის განაცხადში პროფესიონალ ჩოგბურთელთა რეიტინგის პირველი ოც საფეხურზე მყოფი ყველა ჩოგბურთელი იყო შეყვანილი.

სამი მათგანი – კევინ ანდერსონი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, N6), ჯო ისნერი (აშშ, N9) და მილოშ რაონიკი (კანადა, N16) ტრამვების გამო აღარ აღმოჩნდნენ ტურნირის მონაწილეთა შორის, სხვა ყველა კი სრულ მზადყოფნაშია და უკვე ჩატარებული კენჭისყრის შედეგად გამოვლენილ მეტოქესთან საბრძოლველად ემზადება.

მსოფლიო რეიტინგში მე-17 ადგილზე მყოფ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბუდაპეშტში 250-იანი სერიის ტურნირზე სერბ ლასლო დიორესთან დამარცხების და მე-16 ადგილზე გადასვლის კარგი შანსის ხელიდან გაშვების შემდეგ კვლავ ეზლევა შანსი გადაასწროს მის წინ მყოფ მილოშ რაონიკს, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტურნირს ტრამვის გამო გამოტოვებს, თუმცა ამისთვის მას ბუდაპეშტთან შედარებით უფრო რთული გზა ექნება გასავლელი.

კენჭისყრამ ნიკოლოზ ბასილაშვილს პირველ მეტოქედ ამერიკელი ფრენსის ტიაფო (N31) არგუნა. მასთან გამარჯვების შემთხვევაში ბასილაშვილი მეთექვსმეტედფინალში გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერს და ყაზახ მიხაილ კუკუშკინს შორის გამარჯვებულს შეხვდება, კვლავ წარმატების შემთხვევაში კი, დიდი ალბათობით, ესპანელ რაფაელ ნადალს (N2). ამ უკანასკნელს მეთექვსმეტედფინალიდან მერვედფინალში გასასვლელად კანადელებს – ფელიქს აუგერ-ალიასიმეს(N30) და დენის შაპოვალოვს (N20) შორის გამარჯვებულის ძლევა დასჭირდება.

Mutua Madrid Open 1000-ის ძირითად ბადეში მოხვედრილი ჩოგბურთელები ხვალიდან, საკვალიფიკაციო შეხვედრების დასრულების შემდეგ, ჩაებმებიან ასპარეზობაში.

მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად