ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკელ ბრუკსბის მოუგო და მსოფლიოს მე-15 ჩოგანი გახდა!

დღეს აშშ-ის ღია პირველობის გუშინ უამინდობის გამო გადადებული შეხვედრები გაიმართა.

ოცდამეთორმეტედფინალურ შეხვედრაში ნიკოლოზ ბასილაშვილის (N16) მეტოქე ამერიკელი ჯენსონ ბრუკსბი იყო.

მოლოდინის მიუხედავად მატჩის საწყისი ეტაპი ბრუკსბის აშკარა უპირატესობით წარიმართა. მან ბასილაშვილის პირველივე მოწოდება მოიგო და სეტი გამარჯვებით დაასრულა – 6:3 (1:0, 2:0, 3:0, 3:1, 4:1, 4:2, 5:2, 5:3, 6:3).

კიდევ უფრო დამაჯერებლი იყო ანგარიში მეორე სეტის დასაწყისში – 4:0. ზედიზედ მეორე სეტის წაგების საშიშროების წინაშე დამდგარმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა შეძლო თავისი მოწოდების მოგება და იქვე პირველად მოახერხა მეტოქეის დაბრეიკება. ამის შემდეგ მეტოქეებმა თავ-თავიანთი გეიმები მოიგეს და ანგარიშზე 5:4 ბრუკსბის სეტ ბოლი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. ბასილაშვილმა, თავის მხრივ, ორჯერ ვერ გამოიყენა გეიმ-პოინტი, თუმცა მესამე შანსი აღარ გაუშვა ხელიდან და ანგარიში გათანაბრდა – 5:5. სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა. ბასილაშვილმა გაიმარჯვა 7:6(7:3) და სეტებში ანგარიში გაათანაბრა – 1:1.

მესამე სეტი ერთობ საინტერესოდ წარიმართა. ბასილაშვილი დაწინაურდა 2:0, მაგრამ ბრუკსმა ჩამორჩენა აღმოფხვრა და თავად დაწინაურდა 2 ქულის სხვაობით. საბოლოოდ მაინც ბასილაშვილმა იმარჯვა 7:5 (1:0, 2:0, 2:1, 2:2. 2:3, 2:4, 3:4, 4:4, 4:5, 5:5, 6;5, 7:5). სეტის მსვლელობისას ნიკამ 4-ჯერ დააბრეიკა მეტოქე, თავად კი სამჯერ დაბრეიკდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვებით დასრულდა მეოთხე სეტი 6:2(1:0, 2:0, 3:0, 3:1, 3:2, 4:2, 5:2, 6;2) და, მასთან ერთად, მატჩიც 3:6, 7:6(7:3), 7:5, 6:2

ამ გამარჯვების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილს 1895 ქულა დაუგროვდა, რაც რეიტინგში სამხრეთ აფრიკელი კევინ ანდერსონის გადასასწრებლად და მე-15 ადგილის დასაკავებლად საკმარისი აღმოჩნდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე მეთექვსმეტედფინალში კვალიფიკაციის გავლით ძირითად ბადეში მოხვედრილი და ოცდამეთორმეტედფინალში მასპინძელი რეილი ოპელკას მოულოდნელად მძლეველი გერმანელი დომენიკ კიოპფერი (N102) იქნება. მისი დამარცხების შემთხვევაში ნიკას მეტოქე რუს დანილ მედვედევს (N5) და ესპანელ ფელიციანო ლოპესს (N51) შორის გამარჯვებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ შარშან აგვისტოს ბოლოს ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგში 37-ე, ხოლო დანილ მედვედევი კი 36-ე ადგილზე იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად