ნიკოლას მადურო: ოპოზიციასთან დიალოგის გაგრძელებაზე შევთანხმდით

ვენესუელის ხელისუფლებამ ოპოზიციასთან სამდღიანი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ისინი დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ Twitter- ის გვერდზე დაწერა.

“ვაფასებ ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერას. მსურს, გამოვთქვა რწმენა, რომ ჩვენ ძალიან მალე მივაღწევთ დიდ შეთანხმებას მშვიდობისა და თანაარსებობის შესახებ”, – დასძინა მან.

ადრე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისის გამო დიალოგი დაწყებულიყო. მოლაპარაკებები ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შუამავლობით შედგა.

ვენესუელის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები 8 ივლისს, ბარბადოსში დაიწყო. ნიკოლას მადურომ აღნიშნა, რომ დისკუსიისას ყველა პრობლემა განიხილეს, მაგრამ მას დეტალები არ გაუმჟღავნებია.

თავის მხრივ, ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ, რომელმაც იანვარში თავი რესპუბლიკის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, აღნიშნა, რომ დიალოგის მიზანი ვენესუელაში არსებული “კრიზისის საბოლოო მოგვარება” იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...