ნიკოლა სარკოზი: სააკაშვილს უნდოდა თავისი თანამემამულეების ნაციონალისტურ გრძნობებზე ეთამაშა და საბოლოოდ რუსი დათვის გაღვიძება გამოუვიდა

“ნიკოლა სარკოზის პირველი ქარიშხალი – აგვისტოს ომის დიპლომატიური კულისები. ნაწილი პირველი” – ამ სათაურით აქვეყნებს რადიოთავისუფლება საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მემუარებს, რომელშიც აგვისტოს ომს ძალიან დიდი ადგილი ეთმობა. ნიკოლა სარკოზი დეტალურად იხსენებს მოლაპარაკებებს და მის როლს ამ ომში. თარგმანიც ეკუთვნის “რადიოთავისუფლებას”.

“მდგომარეობა აბსოლუტურად მიუღებელი იყო, თუმცა გულახდილი უნდა ვიყო და ვაღიარო, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მანამდე ყველაფერი გააკეთა სიტუაციის დასაძაბავად“, – ამის შესახებ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი წერს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს უნდოდა ნაციონალისტურ გრძნობებზე ეთამაშა და საბოლოოდ რუსი დათვის გაღვიძება გამოუვიდა.

“უნდა ითქვას, რომ სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს ისეთივე მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, როგორც ალზასს და ლორენს (იგივე ელზასი და ლოთარინგია – რედ.) ჩვენთვის. ამიტომაც ეს ძალზე ფაქიზი თემა გახლდათ.

სააკაშვილს უნდოდა თავისი თანამემამულეების ნაციონალისტურ გრძნობებზე ეთამაშა და საბოლოოდ რუსი დათვის გაღვიძება გამოუვიდა. ჩემი აზრი მის შესახებ არაერთგვაროვანია. ეს იყო ადამიანი, მომავლის ნათელი ხედვით. სხვათა შორის, ის ერთ-ერთი იმ პოლიგლოტთაგანია, რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

მაგრამ იგი ორმაგად შეცდა. პირველ რიგში – ის მწარედ შეცდა, როცა წარმოიდგინა, რომ ამერიკელები მისი გულისთვის ომში ჩაერთვებოდნენ. ამას გარდა, მან ეს დაპირება ბევრი ამერიკელი ოფიციალური პირისგან მოისმინა. ის რომ კარგად დაფიქრებულიყო, მიხვდებოდა, რომ ეს ცარიელი სიტყვები იყო… ორი ასეთი შეცდომა კი მეტისმეტია. ერთ-ერთ კუთხეში დავინახე ორი კაცი, რომელიც განცალკევებულად იდგა.

მათ ეტყობოდათ, რომ ქართველები არ იყვნენ. ვიკითხე, ვინ იყვნენ ისინი და იქ რას აკეთებდნენ. ამიხსნეს, რომ ეს ორი ადამიანი სააკაშვილის ამერიკელი მრჩევლები იყვნენ. მოვითხოვე, რომ მათ იმ წამსვე დაეტოვებინათ ოთახი. მე მსურდა საქართველოს ლიდერებთან პირისპირ, უცხო მოწმეების გარეშე საუბარი”,- წერს სარკოზი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად