ნიკოლ ფაშინიანი: ბატონ ღარიბაშვილთან შესაძლებლობა გვქონდა გაგვეგრძელებინა საქართველოს მთავრობასთან განმტკიცებული კონსტრუქციული დიალოგი

ბატონ ღარიბაშვილთან შესაძლებლობა გვქონდა გაგვეგრძელებინა საქართველოს მთავრობასთან განმტკიცებული კონსტრუქციული დიალოგი. ჩვენ შევეხეთ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ეკონომიკის და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში თანამშრომლობის ამჟამინდელ მდგომარეობას და განვითარების პერსპექტივებს, – ამის შესახებ სომხეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

“დელეგაციის პატივცემულო წევრებო, მოხარული ვარ მოგესალმოთ და გიმასპინძლოთ სომხეთის რესპუბლიკაში. ჩვენთვის ყოველთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა საქართველოს მთავრობის მეთაურთან შეხვედრა და მეგობრულ ატმოსფეროში ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დღის წესრიგის განხილვა. საქართველოსთან განსაკუთრებული კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას საკვანძო ადგილი უკავია სომხეთის საგარეო პოლიტიკაში.

ჩვენი, ორი ქვეყნის ხალხი მრავალი ძაფითაა გადაჯაჭვული, ჩვენი საუკუნოვანი მეგობრობა, ისევე როგორც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საერთო ღირებულებები ქმნის იმ მყარ საფუძველს, რასაც ეფუძნება ჩვენი ორი სახელმწიფოს პარტნიორობა. საქართველოს სომხური სათვისტომო, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, არის ის ხიდი, რომელიც აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის დინამიურად განვითარების ფართო დღის წესრიგი.

დღეს ბატონ ღარიბაშვილთან შესაძლებლობა გვქონდა გაგვეგრძელებინა საქართველოს მთავრობასთან განმტკიცებული კონსტრუქციული დიალოგი. ჩვენ შევეხეთ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ეკონომიკის და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში თანამშრომლობის ამჟამინდელ მდგომარეობას და განვითარების პერსპექტივებს. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს ურთიერთობებში კიდევ უფრო მეტი ყურადღება გავამახვილოთ სავაჭრო და ეკონომიკურ კავშირებზე. ჩვენს მიერ განსაკუთრებით ხაზი გაესვა რეგიონალური სატრანსპორტო-საკომუნიკაციო გზების მეტად ეფექტური გამოყენების და სატრანზიტო პოტენციალის განვითარების საჭიროებას. ასევე ხაზი გავუსვით ტექნოლოგიების სფეროში განვითარებას. როგორც ყოველთვის, განვიხილეთ განათლების, მეცნიერების, კულტურის სფეროში ურთიერთობის განვითარება. ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენს ქვეყანაში ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულების შესახებ მოსაზრებები. შევეხეთ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს. ჩვენთვის ეჭვგარეშეა, რომ სომხეთ-საქართველოს პარტნიორობა ჩვენს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტიაა. რეგიონალურ პრობლემებზე საუბრისას გამოვთქვი ღრმა რწმენა, რომ ყარაბაღის კონფლიქტი საბოლოოდ უნდა მოგვარდეს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ეგიდით და მათ მიერ შემოთავაზებული პრინციპების საფუძველზე. მე ასევე გამოვთქვი რწმენა, რომ ყოველ კონფლიქტს აქვს თავისი თავისებურება და ერთმანეთისთვის მგრძნობიარე საკითხებზე დაბალანსებულ და კონსტრუქციულ პოზიციას დიდი მნიშვნელობა აქვს”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...