ნიკო ჩხეტიანი: ქსუ-ს ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრი და საუნივერსიტეტო კლინიკა აშენდება

ამის შესახებ ფონდი “ქართუ” ხელმძვანელამ ნიკო ჩხეტიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ჩვენ ვიმყოფებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამშენებლო მოედანზე, აქ, თქვენ უკან მიმდინარეობს საერთო საცხოვრებლების აშენება. პირველ ეტაპზე როგორც მოგეხსენებათ, შენდება სამი კორპუსი, რომელიც დააკმაყოფილებს პირველი ნაკადის სტუდენტების საჭიროებებს. ამას გარდა, პარალელურ რეჟიმში აშენდება სამი სასწავლო კორპუსი, სტუდენტური საერთო სასადილო და ცენტრალური ბიბლიოთეკა. ეს ინფრასტრუქტურა დახვდებათ სტუდენტებს უნივერსიტეტის გახსნის პირველ წელს, 2020 წელს და შემდგომ გაგრძელდება მშენებლობა. ფონდმა „ქართუმ“ დააანონსა, რომ აღნიშნული პროექტისთვის გათვალისწინებულია ერთი მილიარდი ევრო და ჩვენ ბუნებრივია, 2020 წლის შემდეგაც გავაგრძელებთ.

მშენებლობა მიმდინარეობს გერმანული სტანდარტის შესაბამისად. ჩვენ ვხელმძღვანელობთ იმ, რაც მივიღეთ მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტისგან. მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი არის საუკეთესო უნივერსიტეტი გერმანიაში, რომელთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ ძალიან ბევრ საკითხში და პირველ რიგში საქმე ეხება ჩვენი უნივერსიტეტის პროგრამებს, რომლებიც შემუშავდა.

ჩვენს უნივერსიტეტში დასაქმდება როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ლექტორები. უკვე გვაქვს მოლაპარაკებები მათთან. ბევრმა უცხოელმა ლექტორმა გამოთქვა სურვილი, რომ ლექციები წაიკითხოს საქართველოში. ეს მოხდება როგორც მათი უშუალოდ საქართველოში ჩამოსვლით, ასევე ონლაინ-რეჟიმში, რაც აპრობირებული მეთოდია მსოფლიოში და ხშირად გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში.

პირველ ეტაპზე შენდება 170 000 კვადრატულ მეტრზე შენობა-ნაგებობები, ეს არის ის ნაგებობები, რაც ახლა ჩამოვთვალე, შემდგომში უნივერსიტეტის განვითარება გაგრძელდება, დაემატება კიდევ ორი სასწავლო კორპუსი, საერთო საცხოვრებლები და რაც მთავარია, აშენდება ადრონული თერაპიის ცენტრი თავისი საუნივერსიტეტო კლინიკით”, – განაცხადა ნიკო ჩხეტიანმა.

ცნობისთვის, ქუთაისის მიმდებარედ, მუხნარის ტყეში მშენებარე კომპლექსი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელებმა და საქართველოში მყოფმა გერმანელმა მეცნიერებმა დაათვალიერეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად