ნიკა მელიას 88 დეპუტატმა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყვიტა

მომხრე 88, წინააღმდეგი არცერთი; კვორუმი 50 – პარტია “ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივანს, საპარლამენტო ფრაქცია “ნაცმოძრაობის” წევრს ნიკა მელიას პარლამენტარებმა დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერეს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა პარლამენტის წევრის ნიკა მელიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. რომელსაც კომიტეტის 11 წევრიდან ცხრამ მხარი დაუჭირა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა განმარტა, რომ ნიკა მელიას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

„რა თქმა უნდა, არ შევდივართ შინაარსში, ეს არ არის ჩვენი საქმე, ამას განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლი. კომიტეტმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვა საბუთები, შეისწავლა საკითხი და ორივე კომპონენტი დადასტურდა, რომ არის გამამტყუნებელი განაჩენი და ეს განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული. ყველა ამ პირობის გათვალისწინებით კომიტეტმა დაწერა სამართლებრივი დასკვნა, რომელიც გადაეგზავნება პარლამენტის ბიუროს. შემდეგ საკითხი მოხვდება პლენარულ სხდომაზე, რათა შესრულდეს კონსტიტუციის იმპერატიული მოთხოვნა, რომ თუ პირი არის დამნაშავედ ცნობილი, მას უწყდება პარლამენტის წევრის უფლებამოსილება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ: ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში – სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული. ნიკა მელიას 25 000 – ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

ცნობისთვის, 20-21 ივნისის საქმეზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის 25 ივნისს ნიკა მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით.
26 ივნისს კი პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წევრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა. რის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიების სახედ 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად