მელია ვაშაძეზე: გული მწყდება, რომ ნათია მეზვრიშვილმა საჯაროდ დამიცვა და სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა

პატიმრობაში მყოფი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, გრიგოლ ვაშაძეს მიმართავს “მთავარი არხისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სადაც ის ნიკა გვარამიას შეკითხვებს პასუხობს.

კითხვაზე: რაზე წყდება გული, ნიკა მელიას პასუხი:

“არ ვიცი, უნდა ვთქვა თუ არა, მაგრამ ალბათ ჯობია ვთქვა. გული ძალიან მწყდება იმაზე, რომ ნათია მეზვრიშვილმა, 20 ივნისის დამრბევი გახარიას მაშინდელმა მოადგილემ, საჯაროდ დამიცვა. ეს ერთი მაგალითია, ბევრმა სხვა ყოფილმა ქოცმა, რომ არაფერი ვთქვათ სხვებზე. და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ.

ჩემ დაცვას ვინ დაეძებს, პარტია, რომელსაც წლები ხელმძღვანელობდა, პარტია, რომელმაც პრეზიდენტად წარადგინა და რომ არა მოპარული არჩევნები, აარჩევინა კიდეც მოსახლეობას, აი ამ პარტიის ცენტრალური ოფისის აღებაზე კაცს ხმა არ ამოუღია. მისი პირადი კაბინეტის, ყოფილის, აღებას უყურა და ხმა არ დაუძრავს, მთელი საქართველო და მთელი მსოფლიო ამაზე ლაპარაკობს. ყველა, ნაცმოძრაობის ყოფილი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის გარდა. ამაზე მწყდება გული, მეტი არავიზე და არაფერზე”.

შეგახსნებეთ, რომ ნიკა მელიამ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ დაიკავა, რაც გრიგოლ ვაშაძემ “ნაციონალური მოძრაობის” დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...