ნიკა მელია: სწორი და მკაცრი გადაწყვეტილებისას ხელისუფლებას უკნიდან დანას არ ჩავარტყამთ

რას წარმოვიდგენდი გახარია ჩემი დასაცავი თუ გახდებოდა?! ერთ-ერთი სასულიერო პირი გამოვიდა და შენ იქით დაგაჯარიმებო, შენ ვის უცხადებ საგანგებო მდგომარეობასო, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ხელისუფლება არ არის კარგ მდგომარეობაში. გამბედავი ნაბიჯების გადადგმა უჭირს. არ არის გაბედული, აქეთა აშინებს ოპოზიციის რეაქცია, იქით აშინებს გავლენიანი ინსტიტუტის რეაქცია და პოზიცია საპატრიარქოს სახით, იქით კი საზოგადოება, ელექტორატი… და დროში აგვიანებენ. ჩემი აზრით მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ იგრძნოს, რომ ოპოზიცია არ არის ჩასაფრებული და სწორი და მკაცრი გადაწყვეტილების მიღებისას უკნიდან დანას ჩვენ არ ჩავარტყამთ. ეს პროცესი ხელიდან თუ გაგვექცა უმძიმესი მდგომარეობის წინაშე აღმოვჩნდებით.

მე მაქვს ნდობა როგორც ბატონი გამყრელიძის, ისე იმნაძისა და ცერცვაძის მიმართ. არ შეიძლება ექიმებთან კამათი. მე თვითონ ექიმების ოჯახიდან ვარ და შეუძლებელია მამაჩემს კარდიოლოგიაზე პოლიტიკოსები ეკამათებოდნენ. თუ შარზე ვართ კი ბატონო. ყოველთვის შეგვიძლია ვეკამათოთ ერთმანეთს, მაგრამ დროს და კონტექსტს დიდი მნიშვნელობა აქვს. ბატონი ამირანი ამბობს, რომ პიკური პერიოდი იწყება მეექვსე კვირიდან, სადღაც მაისიდან ჩვენ გველოდება უმძიმესი პერიოდი.

ერთ-ერთი სასულიერო პირი გამოვიდა და შენ იქით დაგაჯარიმებო, შენ ვის უცხადებ საგანგებო მდგომარეობასო, რას წარმოვიდგენდი გახარია ჩემი დასაცავი თუ გახდებოდა?! ეს არ არის ნორმალური”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად