ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ნიკა მელიას საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო.

მელიას განცხადებით, მას არ აქვს სურვილი ისევ დაბრუნდეს საკანონმდებლო ორგანოში, თუმცა როგორც მედიასთან საუბარში აღნიშნა, არ აპირებს პარლამენტის „უკანონო გადაწყვეტილება“ რეაგირების გარეშე დატოვოს. ის დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მის შელახულ უფლებას აღადგენს.

“არანაირი სურვილი იმისა, ვიყო კვლავ იმ ბატონების კოლეგა, რომლებიც არიან წარმოდგენილი” ქართულ ოცნებაში”, არ მაქვს. უბრალოდ, კონსტიტუციური უფლება, რომელიც შეილახა ჩემი, საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა აღდგეს,” – აცხადებს ნიკა მელია.

ნიკა მელიას კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას უშვებს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის არსებობისას. მოსარჩელის პოზიცით, სასამართლოს განაჩენი კანონიერ ჩალაში შედის მისი გასაჩივრების შესაძლებლობის ამოწურვის შემდეგ; აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საქართველოს პარლამენტმა მას უფლებამოსილება შეუწყვიტა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე და დაარღვია კონსტიტუციის მოთხოვნა. ამასთან, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე მისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტით დაუსაბუთებლად იქნა გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან და დაერღვა სახელმწიფო თანამდებობის დაკავების კონსტიტუციური უფლება.

„მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ აღნიშნული წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ პროცედურას, რომლის მიხედვითაც საქართველო პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა შეიძლება მოხდეს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილებით. მოსარჩელე, თავის არგუმენტების გასამყარებლად ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ვინაიდან მას ვადაზე ადრე შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება,ირღვევა მისი კონსტიტუციით გარანტირებული სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება“,-განაცხადა ჟურნალისტებთან საკონსტიტუციო სასამართლოს სასამართლოს მთავარმა მრჩეველმა გიორგი ლომთაძემ.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
დავის საგანია: „ნიკანორ მელიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 12 დეკემბრის №5544-Iს დადგენილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან და 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტთან მიმართებით.

მოსარჩელე ნიკა მელიას საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 12 დეკემბრის დადგენილებით, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის საფუძველზე, რომლის თანახმად, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ჩადენაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად