ნიკა მელია: „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში უნდა შევიდეს თუ არა, მეც კი ვერ გეტყვით, ახლა ცალსახა პასუხს ვერ გაგცემთ

პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უნდა შევიდეს თუ არა, მეც კი ვერ გეტყვით. ამ საკითხების დეტალურად გავლას ვაპირებ. ახლა ცალსახა პასუხს ვერ გაგცემთ, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია რუსთავის №12 ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ხვალიდან გაიმართება ძალიან მჭიდრო კონსულტაციები პირველ რიგში უშუალოდ პარტიაში და ასევე, ყველა იმ პირთან, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ. ამას დასჭირდება არა ერთი დღე, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ. ვიცი, რომ პარტიაში არის განსხვავებული პოზიციები ამ საკითხზე. პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უნდა შევიდეს თუ არა, მეც კი ვერ გეტყვით. ამ საკითხების დეტალურად გავლას ვაპირებ. ახლა ცალსახა პასუხს ვერ გაგცემთ. გადაწყვეტილება უნდა იყოს პრაგმატული, რაციონალური. ბრძოლის გამარჯვების გვირგვინი მე ვერანაირად ვიქნები, რადგან ეს პოლიტიკური ციხე დავტოვე. ჩემი რწმენით, ჩვენ პერიოდულად გვავიწყდება რა დაუნდოდებლ მოწინააღმდეგეს ვებრძვით. დარწმუნებული ვარ, არ ვარ ბოლო პოლიტიკური პატიმარი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაშია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა– 40 000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა. რის შემდეგ ნიკა მელია რუსთავის №12 ციხიდან გათავისუფლდა.

შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ნიკა მელიას გირაოსთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ გირაოს თანხა 40 000 ლარი ევროპულმა ფონდმა “დემოკრატიისთვის” გამოყო.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება ბ-ნ მელიას სასარგებლოდ გირაოს გადახდასთან დაკავშირებით
დღეს გადახდილი იყო 40 000 ლარის ოდენობის გირაო ბ-ნ მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, რაც 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ ურთიერთგაგებას მოჰყვა. გულითად მადლობას ვუხდით ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევაზე: ევროპულ ფონდს დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy), რომელმაც თანხა გამოყო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია), რომელმაც აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა.
ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიზნით გადაიდგა. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ნაბიჯი მეტად შეუწყობს ხელს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, რომ შეთანხმებას შეუერთდეს და მის განხორციელებაში წვლილი შეიტანოს, საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე.

ცნობისთვის, 2021 წლის 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გაითვალისწინა საქართველოს გენერალური პროკურორატურის შუამდგომლობა და ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიების სახედ შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა.

18 თებერვალს  შსს-მ ნიკა მელიას განჩინება ნაცმოძრაობის ოფისში მიუტანა, მაგრამ შენობაში არ შეუშვეს  რის შემდეგ უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: შსს ნიკა მელიას: სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით

მოგვიანებით კი საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ.   სულ რამდენიმე საათში კი „ოცნებამ“ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინა. 

2021 წლის 22 თებერვალს ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერმინისტრად მეორედ აირჩიეს

2021 წლის 23 თებერვალას პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შსს-ს სპეცრაზმი შევიდა და ოთახი, სადაც ნიკა მელია და ოპოზიციური პარტიის სხვადასხვა ლიდერები ჟურნალისტებთან იმყოფებოდნენ, შტურმით აიღეს.

ნაცმოძრაობის პარტიის ოფისის მე-3 სართულზე სპეცრაზმმა სავარაუდოდ წიწაკის გაზი გაუშვა, რის შემდეგ შევიდნენ ოთახში, სადაც ნიკა მელია იმყოფებოდა ოპოზიციის ლიდერებთან ერთად და მელია დააკავეს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...