ნიკა მელია: კონკრეტულ სამოქმედო გეგმას კვირის ბოლოს დავდებთ

სამოქმედო გეგმას კვირის ბოლოს დავდებთ, – ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერმა ნიკა მელიამ ვარდების რევოლუციის 18 წლისთავის აღსანიშნავად გამართულ აქციაზე განაცხადა.

“კვირის ბოლოს მეგობრებთან ერთად ჩვენ კონკრეტულ გეგმას დავდებთ. საზოგადოებას გავაცნობთ, თუ რა არის გაწერილი. მისხალ-მისხალ გეგმით, რამდენადაც შესაძლებელია სამოქმედო სტრატეგია, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს”, – ამბობს მელია.

მისი თქმით, საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რატომ ითხოვს ოპოზიცია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს.

“ყველაზე მნიშვნელოვანია სტრატეგიული მოთმინება. თქვენც, მეც და ბევრ ადამიანს გუშინვე გვინდოდა, რომ ოლიგარქი არ ყოფილიყო დაპატრონებული სახელმწიფო ინსტიტუტებს და ქვეყანას ამოსუნთქვის შესაძლებლობა ჰქონოდა. ეს აუცილებლად მოხდება უახლოეს მომავალში, მაგრამ წუწუნი იმაზე, რატომ არ მოხდა ეს გუშინ, არ წაადგება საქმეს ხვალ და ზეგ”. – თქვა ნიკა მელიამ.

კომენტარები
იტვირთება...