ნიკა მელია: ხვალიდან სახლში ჯდომას აღარ ვაპირებ, სად წავალ პროკურატურას არ შევატყობინებ

აბსურდის თეატრში მონაწილეობას არ მივიღებ, -ა მის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ხვალიდან სახლში ჯდომას აღარ აპირებს, ხვალიდან ნებისმიერ ღონისძიებას დაესწრება და ამის შესახებ პროკურატურას არ შეატყობინებს.

“რეალურად ადვოკატიც არ არის საჭირო ივანიშვილის პირობებში, რადგან ყველაფერი ფარსია. ჩვენ დღეს მაინც დავაყენებთ შუამდგომლობას სამაჯურის მოხსნაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც შევალ, ისე გამოვალ ამ სამაჯურით. თუმცა, არ ვაპირებ ამის გამო შევზღუდო ჩემი საქმიანობა, რადგან ეს არის აბსოლუტურად არაკონსტიტუციური.

აქამდე ვუწევდი ანგარიშს ბევრ რამეს, მაგრამ ხვალინდელი დღიდან ვაპირებ შევასრულო ჩემი კონსტიტუციური უფლებამოსილება. ხვალიდან დავესწრები ნებისმიერ ღონისძიებას, შევხვდები ამომრჩეველს, დავესწრები საკომიტეტო სხდომებს. ხვალ წავალ ვარკეთილში თუ ჩავალ გორში, პროკურატურას ნამდვილად არ შევატყობინებ. რას მოიმოქმედებს პროკურატურა ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ არ ვაპირებ ამ აბსურდის თეატრში მონაწილეობას. არ ვაპირებ სახლში ჯდომას. ივანიშვილის მხრიდან ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი, პირველ რიგში იქნება კონტრპროდუქტიული ისევ მისთვის. მან უნდა გაიაზროს რომ უახლოვდება ფინალს. რამდენად მწვავე იქნება ეს ფინალი, ამას თავად განსაზღვრავს,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურა ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში ედავება.თბილსის საქალაქო სასამართლოში პროცესი ახლა მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად