ნიკა მელია: კახი კალაძემ დებატებზე უარი თქვა, მიზეზად ჩემი მხრიდან მისი ოჯახის შეურაცხყოფა დაასახელა – არასდროს არ მიმიყენებია პერსონალური შეურაცხყოფა

სამწუხაროდ, კახი კალაძემ დებატებზე უარი თქვა. ერთ-ერთ მიზეზად ჩემი მხრიდან მისი ოჯახის შეურაცხყოფა დაასახელა. არასდროს არ მიმიყენებია მისთვის ან მისი ოჯახის წევრებისთვის პერსონალური შეურაცხყოფა, ამას ჩემ თავს არ ვაკადრებ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია სოცალურ ქსელში წერს.

„სამწუხაროდ, კახი კალაძემ დებატებზე უარი თქვა. ერთ-ერთ მიზეზად ჩემი მხრიდან მისი ოჯახის შეურაცხყოფა დაასახელა. არასდროს არ მიმიყენებია მისთვის ან მისი ოჯახის წევრებისთვის პერსონალური შეურაცხყოფა – ამას ჩემ თავს არ ვაკადრებ პირველ რიგში!

რაც შეეხება მის მიერ, მერიაში კორუფციის ყოველდღიურობად ქცევას, მილიონების ჩაჯიბვას ატკატებად, მილიონების ხარჯვას მმართველ პარტიაზე, ძალადობრივი ჯგუფების დაფინანსებას და კრიმინალთან გარიგებას – ეს პერსონალური საკითხები არაა.

ეს თბილისის პრობლემებია, რომელიც დასრულდება, მისი დამარცხებისთანავე. ვიცი, რომ პასუხები არა აქვს, არც პოზიტიური დღის წესრიგი გააჩნია – დაპირისპირების და სამოქალაქო კონფლიქტის რიტორიკას იყენებს პარტიის ბოსების მითითებით.

არადა თბილისელებისთვისაც და ჩვენი საერთაშორისო მეგობრებისთვისაც საინტერესო იქნებოდა საგნობრივი დებატები. რას იზამ – მტრობის სპირალში შესულ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს ვერ გადავარწმუნებთ – ისინი უნდა დავამარცხოთ! ყველამ ერთად 30-ში“, – წერს ნიკა მელია.

შეგახსენებთ, დღეს „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ დებატებთან დაკავშირებით ნიკანორ მელიას შეთავაზება არის პოპულისტური.

კომენტარები
იტვირთება...