ნიკა მელია: დიახ, ეკლესია და სასულიერო პირები მსხვერპლია ივანიშვილის რეჟიმის და ამის გამო, ეს რეჟიმი სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს

“დღეს უკვე გასაკვირი არ არის თუ რატომ არიან სასულიერო პირები რეჟიმის დაკვეთების შემსრულებლები. და ამავდროულად, ნათელი გახდა, როგორი მეთოდების გამოყენებით აიძულებენ მათ ამგვარად მოიქცნენ. ჩემთვის, პირადად, ეს თითოეული დაშანტაჟებული მღვდლის, ბერის, მონაზონის, თუ ეპისკოპოსის პირადი ადამიანური ტრაგედიაა”.

ამის შესახებ ოპოზიციის მერობის კანდიდატმა და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ ფარული ჩანაწერების საკითხთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“დიახ, ეკლესია და სასულიერო პირები მსხვერპლია ივანიშვილის რეჟიმის და ამის გამო ეს რეჟიმი მძიმედ და სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს. დაისაჯოს იმ სისასტიკისთვის, რისი ანალოგი ამ ქვეყანაში არასდროს, არც ერთ ვითარებაში არ ყოფილა. წარმომიდგენია და წარმოგიდგენიათ მორწმუნე, რომელიც იგებს, რომ შესაძლოა მისი მოძღვარი კომპრომატებით გადაბირებული იყოს. აი ის მოძღვარი, რომელსაც გუშინ აღსარება ჩააბარა.

წარმომიდგენია და წარმოგიდგენიათ, რა მძიმე შეგრძნებაა აღსარების საიდუმლოში ეჭვის შეტანა და იმაზე ფიქრი, რომ შენი ყველაზე დაფარული და ხელშეუხებელი სუსის არქივებში მოხვდა. მეგობრებო, მონღოლობის, თურქობის, არაბობის დროსაც კი – აღსარების საიდუმლოს ინახავდა სასულიერო პირი. არ აქვს მნიშვნელობა საეკლესიო ცხოვრებით ცხოვრობ თუ არა – როცა გესმის რა ხდება, ხვდები, რომ ამის იქით აღარაფერია – ესაა ბოლო წერტილი – კატასტროფის ბოლო ნიშანი. და დიახ, სასტიკად და საჩვენებლად უნდა დაისაჯოს ივანიშვილის რეჟიმი მილიონობით მორწმუნის ამ განსაცდელში ჩაგდებისთვის და მათი რწმენის შერყევის მცდელობისთვის.

“ჩვენ გისმენთ ყველას… ჩვენ გმართავთ… ღმერთმა ქნას, გაიღვიძოთ და დაანგრიოთ ეს სისტემა” ვისი სიტყვებია ეს ხომ ვიცით უკვე?! – ა.წ გარდაცვლილის. ეს იმ ადამიანის სიტყვებია, ვინც, საკუთარი სიცოცხლის ფასად, სააშკარაოზე გამოიტანა ეს კოშმარი და ამით ამხილა დამნაშავე სისტემა და ღირსეულად მოიხადა ვალი თითოეული მოქალაქის, ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე. ვინც ერთდროულად დაგვანახა ივანიშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულების მასშტაბი და შემზარავი ამორალურობა” – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები
იტვირთება...