ნიკა მელია: არც თარიღს ვკიდებ, არც კონკრეტულ ვადას ვასახელებ, რასაც ვამბობდი იმავეს ვამბობ – ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე

„მესმის, რომ ბევრ ჩვენს მოქალაქეს ერთ საათში უნდა, რომ რეჟიმი დაეცეს, ნახევარ საათში, 20 წუთში, ან 15 წუთში. დიახაც, მეც ძალიან მინდა, რომ ხუთ წუთში დაეცეს, მაგრამ მე რასაც ვაკვირდები და მე რასაც ვხედავ, ეს რეჟიმი ეცემა და ამ რეჟიმის დაცემა ჩვენთვის შუალედური ამოცანა არის. ჩვენი მთავარი ამოცანა არის რეჟიმის ჩამოშორების შემდეგ მართვის სადავეებიდან, რომლებმაც მიიტაცეს სახელმწიფო, დავიწყოთ ამ სახელმწიფოს განვითარება ისე, რომ სისხლი არ დავღვაროთ. ამ სისხლს ჩვენ არ ვღვრით, მაგრამ სამაგიეროდ რეჟიმი სულ უფრო და უფრო მოშიშვლებულ მდგომარეობაში არის. ამიტომ მე არც თარიღს ვკიდებ, არც კონკრეტულ ვადას ვასახელებ, რასაც ვამბობდი იმავეს ვამბობ – ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე. დიახაც, ვისაც უნდა ჩათვალოს, რომ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, ვისაც უნდა ჩათვალოს, რომ სახლში შეუსვლელად, ვისაც უნდა ჩათვალოს, რომ უკომპრომისოდ, ბრძოლა იქნება უწყვეტი, დისციპლინირებული და ბრძოლა მოედება მთელს ქვეყანას. მე ამაში ვარ დარწმუნებული, რომ ეს ბრძოლა შედეგს მოიტანს.

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ ბათუმში, ჟურნალისტებთან განაცხადა.

როდესაც წარმომადგენლობითი დემოკრატია არ არსებობს, როდესაც არ მუშაობს კანონისმიერი მოთხოვნები, როდესაც ოპოზიციონერ დეპუტატებს ექცევიან ისე, როგორც ექცევიან, დიახაც, ნუ მოვერიდებით – ქუჩა მოდის აბსოლუტურად მთელი თავისი სიძლიერის, სიმძლავრით მოქმედებაში. ქუჩა, სადაც არაძალადობრივად წყდება ოლიგარქის, მიმტაცებელი რეჟიმის ბედი. ასე იყო ყოველთვის, ყველა ერაში, ყველა სახელმწიფოში და ასე იქნება აქ. როდესაც შენ უარს ეუბნები დემოკრატიულ წყობილებას, მთელი საქართველო აუცილებლად იწყებს ბრძოლას არაძალადობრივი მეთოდებით ქუჩიდან და ეს ქუჩა მე მგონი თვალნათლივ ჩანს, რომ არის მოქმედებაში მოსული.

თუ არ ხარ მიკერძოებული, ნებისმიერი ადამიანის გასაგონად შეიძლებოდა მეთქვა, აუცილებლად ითხოვ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც არის ქვეყნის მესამე პრეზიდენტი და ღარიბაშვილ-ივანიშვილ-მურუსიძეს ჰყავს დატყვევებული, რომელიც ვერასოდეს ვერ იპოვის სამართალს, რადგან სამართლიანი სასამართლო არ არსებობს, არ არსებობდა, ესე უნდა ითქვას და არ არსებობს ახლაც“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლა იქნება ბოლომდე და ამ ყველაფრის განხორციელებისთვის წარდგენილი იქნება ოპოზიციური პარტიების მიერ შემუშავებული კონკრეტული გეგმა, რომელიც დაუკავშირდება ახალ არჩევნებს და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს.

„ამ ყველაფერს სჭირდება გარკვეული დრო, ნუ იჩქარებთ. მთავარია, რომ უწყვეტი ბრძოლა გრძელდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ 2-3 დღე აქცია შეიძლება არ ჩატარდეს, ვიღაცა წავიდა სადღაც სხვა საქმის საკეთებლად, არავითარ შემთხვევაში. ბრძოლა დაიწყო იმ დღიდანვე და იმ წუთიდანვე, როდესაც რეჟიმმა ჩაიდინა ის, რაც ჩაიდინა, გააყალბა, მიიტაცა არჩევნები და სახელმწიფო, მძევლად აიყვანა მიხეილ სააკაშვილი. ვიდრე ეს ორი მოცემულობა არ შეიცვლება და არ მოწესრიგდება ორივე მხრივ მდგომარეობა, არავინ, განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობა“, არც ერთი მისი ამომრჩეველი და პარტიის წევრი არ აპირებს გულხელდაკრეფილ ლოდინს იმისას, ციური მანანა როდის გაათავისუფლებს მიხეილ სააკაშვილს, ან დაგვინიშნავს ახალ არჩევნებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები
იტვირთება...