ნიკა მელია: არ მინდა გადაწყვეტილება რეგიონში ჩაუსვლელად მივიღო, თორემ დღესვე შემიძლია ბრიფინგის ჩატარება

არ მინდა გადაწყვეტილება რეგიონში ჩაუსვლელად მივიღო, თორემ დღესვე შემიძლია ბრიფინგის ჩატარება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტებს პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე განუცხადა.

“გადაწყვეტილება ძალიან ბევრ ადამიანს მიღებული აქვს და შესაძლებელია მეც მქონდეს მიღებული უკვე. შემიძლია დღეს საღამოს ჩავატარო ბრიფინგი და საზოგადოებას პარტიის სახელით ვაცნობო გადაწყვეტილება. შემიძლია ჩემ თავზე ავიღო ის, რაც ლეგიტიმურად არჩეულმა თავმჯდომარემ უნდა აიღოს ხშირ შემთხვევაში, მაგრამ განგებ არ ვაკეთებ ამას.

არ მინდა უპატივცემულობა დავაფიქსირო ბევრი ადამიანის მიმართ ამ უზარმაზარ პარტიაში და ამავე დროს არ მინდა, რამდენიმე რეგიონში ჩაუსვლელად მივიღო გადაწყვეტილება. მინდა, რომ რაც შეიძლება საზოგადოების ფართო ნაწილთან მქონდეს კომუნიკაციის შესაძლებლობა და ამის შემდეგ გამოცხადდება ეს გადაწყვეტილება, რომელიც იქნება პრაგმატული და რაციონალური”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, “ნაციონალურ მოძრაობაში” აზრი ორად იყოფა იმის თაობაზე, უნდა შევიდეს თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...