ნიკა კენჭაძე და გივი მაჭარაშვილი ოქროს მედლებისთვის იჭიდავებენ

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, 23-წლამდელებს შორის, დღეს გათამაშებაში თავისუფალი სტილით მოჭდავეთა ეროვნული ნაკრები ჩაერთო.

შეჯიბრების პირველ დღეს ხალიჩაზე ძალები 57-63-70-79-97 კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავეებმა მოსინჯეს.

57 კგ წონით კატეგორიაში რობერტ დინგაშვილმა აზერბაიჯანელ აბგალ ხაშილოვთან 1:3 დათმო შეხვედრა და ჩემპიონატს გამოეთიშა.

65 კგ წონით კატეგორიაში ედემი ბოლქვაძე 0:7 დამარცხდა ბულგარელ დიმიტარ ივანოვთან.

70 კგ წონაში გიორგი სულავამ პირველ შეხვედრაში სუფთა გამარჯვება მოიპოვა შვეიცარიელ მარკ დიჩესთან, მერვედფინალში აზერბაიჯანელი ფუზული ჰუსეინოვი დამარცხა აშკარა უპირატესობით, მეოთხედფინალში უკრაინელ ოლექსი ბურუტასთან კი 2:11 მარცხი იწვნია და შეჯიბრებას გამოეთიშა.

79 კგ წონით კატეგორიაში ნიკა კენჭაძემ მერვედფინალში ბულგარელი ენგინ რაშიდ ისმაილი 5:2 დაამარცხა, მასპინძელს, რუმინელ ომარასხაბ ნაზმუდინოვს 7:0 სძლია, ნახევარფინალში იაპონელ იაჯურო იამასკის 4:0 მოუგო და ხვალ ფინალში რუს გაჯი ნაბიევს შეხვდება.

97 კგ წონით კატეგორიაში გივი მაჭარაშვილმა ერთნაირი ანგარიშით 10:0 სძლია ჩინელ ჩაოგიანგ იანგს, ინდოელ კარანდეპ სინგჰ ნაჰალს და ირანელ ალი ხალილ შაბანიბენგარს და ფინალში გავიდა, სადაც ოქროს მედლისთვის აშშ-ის წარმომადგენელ კოლინ რაიმონდ მურს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...