ნიკა გვარამია “ტაბულას” ბიზნესგარიგებაზე: მეც დიდი სიამოვნებით მივყიდდი

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანია "ტაბულას" მიერ რუსული კულინარიული არხისთვის საკუთარი პროდუქტის მიყიდვის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმიანება. ის "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებს მიმართავს და განუმარტავს, რომ როდესაც ტელევიზიას საკუთარი შემოსავლებით არჩენ რუსული არხებისთვის საკუთარი ტელეპროდუქტის მიყიდვა ჩვეულებრივი ამბავია. ნიკა გვარამია ასევე წერს, რომ თავადაც დიდი სიამოვნებით მიყიდდა რუსებს საკუთარ ტელეპროდუქტს.

"ახლა რაც შეეხება ტაბულას მიერ რუსული კულინარიული არხისთვის საკუთარი პროდუქტის მიყიდვას, რაზეც უცნაური კამპანიაა აგორებული ბოლო დღეებია.

1. ტელესერიალი შეიძლება და უნდა მიყიდო ნებისმიერს, ვინც ფულს გიხდის, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როცა შენს ტელევიზიას მხოლოდ შენი შემოსავლებით არჩენ. მეც მივყიდი დიდი სიამოვნებით და ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ ეს რატომ არ უნდა ვქნა. მე თვითონ რატომ არ უნდა ვიყიდო რუსული სერიალი, მესმის. პირიქით რატომ არ შეიძლება – არა. შეიძლება მიყიდულიც მაქვს – გაყიდვის უფლება გადაცემული მაქვს აგენტისთვის და ცხადია აზრადაც არ მომსვლია მეთქვა, რუსს არ მიყიდოთქო.

2. ნაციონალური მოძრაობის ის მომხრეები, რომლებიც ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებთ ჩერგოლეიშვილს (ისე, მოფიქრება ხომ უნდა, რუსეთის მიმართ ლოიალობაში თამარას დადანაშაულებას), მაშინ ის მითხარით, რამდენმაგი სტანდარტია, რუსული ინვესტიციები ჩვენთან ომის შემდეგაც კი რომ შემოდიოდა, მაგალითად, ენერგეტიკის სექტორში. და მთლად რუსული თელასი რომ გვანათებს მთელ თბილისს. და სოსო ორჯონიკიძე თავისი კაპიტალით მთლად მიშამ რომ შემოიყვანა ბათუმში სასტუმროების ასაშენებლად. იქნებ მიშაც რუსეთთან ორმაგ თამაშში დაადანაშაულოთ? და ბორჯომი და ნაბეღლავი რომ რუსეთში იყიდება? გორის ვაშლი და მეგრული მანდარინი? ასე ყველა სამშობლოს ღალატობს? თუ გგონიათ რომ მანდარინსა და კინოპროდუქციას შროის რამე სხვაობაა ბიზნესის თვალსაზრისით?

3. არასდროს, 9 წლის განმავლობაში, ყველაზე ანტირუსული რიტორიკის პოლიტიკოსსაც კი არ უთქვამს, რომ რუსეთში ექსპორტი უნდა ავკრძალოთ. ასეთი რკინიგზაზე დამჯდომი და რუსეთისთვის ბლოკადისგამომცხადებელი რომ ყოფილიყო ნაციონალური მოძრაობა, ასეთი ეკონომიკური წარმატებები კი არ ექნებოდა.

მორჩით დასაცინი სისულელეების წერას. კაპიტალიზმი კაპიტალიზმია და ვაჭრობა სამშობლოს ღალატი არაა და არც პრინციპების ღალატი", – წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე ნიკა გვარამია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად