ნიკა გვარამია: სსრკს დროინდელი ობში ნადზორი თუ აღდგა, კი იპოვნიან სამუდამო პატიმრობისთვის საკმარისს

ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი გვიან ღამით დასრულდა და მას მოსამართლემ გირაოს სახით 40 000 ლარის გადახდა და ქვეყნიდან გაუსვლელობა შეუფარდა. ამ გადაწყვეტილებას გვარამია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა…

“ნუ, თუ ახლა ეს სტანდარტია უკვე დაწესებული, რომ საკონტრაქტო, სამეწარმეო და სხვა სამოქალაქო სამართლებრივი საკითხები სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საგანია და პროკურატურამ უნდა გადასინჯოს, ანუ, სსრკს დროინდელი ობში ნადზორი თუ აღდგა; პლიუს ამას, გენდირექტორი დიმიტრი ყიფიანი უნდა იყოს და ყველაფერი იცოდეს ბალეტიდან დაწყებული ასტროფიზიკის ჩათვლით; და კიდე პლიუს, 9%იანი ინკოგნიტო დამფუძნებელი, დამფუძნებლების 91%ზე უფრო მნიშვნელოვანია – 7 წელიწადში, თან ჯოჯოხეთურ შვიდ წელიწადში, კი იპოვნიან სამუდამო პატიმრობისთვის საკმარისს” – წერს ნიკა გვარამია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

“დედას ვფიცავარ, ხო ვიცოდი რაც მოხდებოდა, მაგრამ ამ დაქცეული სასამართლოსთვისაც კი ნამეტანი ბოდვაა ეს ბრალი და, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება. ახლა იმას ვფიქრობ, რას ვილაპარაკე ამდენი, სიქა რო გავიძრე” – წერდა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის გირაოს – 80 000 ლარის შეფარდებას და ქვეყნიდან გაუსვლელობას ითხოვდა. თუმცა, გვარამიამ გუშინ განაცხადა, რომ ის გირაოს გადახდას არ აპირებს.

გამოძიება ნიკა გვარამიას საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...