ნიკა გვარამია: “რუსთავი 2” წულუკიანის ზონდერ მოსამართლემ დააყადაღა

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიის ქონების დაღადაღების გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მოსამართლეთა ჯგუფის ე.წ. ზონდერ მოსამართლე უთქმელიძემ მიიღო.

"მოსამართლის გადაწყვეტილება ამტკიცებს ყველა ეჭვს ამ საქმესთან დაკავშირებით, პირველ რიგში რომ ეს საქმე არის მკაფიოდ პოლიტიკურად მოტივირებული და ადამიანების უფლებების აღდგენასთან საქმეა არაქვს.

ყადაღა დაედო მთელს ქონებას, მიწის ნაკვეთს და ასე შემდეგ, ეს ცინიკურია და ბედის ირონიაა, ეს საერთოდ არ არსებობდა ქიბარ ხალვაშის დროს, ეს არის ქონება, რომელიც შპს ტელესაქართველომ შემოიტანა, რომელმაც გააორმაგა ტელეკომპანიის კაპიტალი. შემიძლია გითხრათ, რომ ქიბარის დროს კომპანია მხოლოდ ნახევარი მილიონი ლარით გამდიდრდა.

ტელეკომპანიისთვის გადამწყვეტი ფუნქცია სარეკლამო დროის შეზღუდვის შემდეგ შეიძინა ბანკებთან და კერძო პირებთან ურთიერთობამ. ამ განჩინების თანახმად, აკრძალული გვაქვს ნებისმიერი სახის ურთიერთობა ბანკთან, ვერ ავიღებ თანხას კერძო პირისგანაც. განჩინებამ აგვიკრძალა ნებისმიერი რამის ყიდვა, ასევე ასვლას სატელიტზე სჭირდება საბანკო გარანტია, რისი უფლებაც არ გვაქვს.

პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ მოსამართლის მიერ იქნა მიღებული უკანონო გადაწყვეტილება. ხალვაშის სარჩელი უპერსპექტივოა, სარჩელი არის ხანდაზმული! მოსამართლე უთქმელიძე არის ე.წ. ზონდერ მოსამართლე, რომელიც მიეკუთვნება წულუკიანის მოსამართლეთა ჯგუფს, რომელიც ნოემბერში შეიქმნა… რომელიც პირდაპირ, დაუფარავად მუშაობდა მთავრობაში და დაუფარავად გეგმავდა გადატრიალებას მთავრობის, ასე ვთქვათ, სასარგებლოდ",-განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის ქონება ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაყადაღდა. სასამართლოს განჩინებას ტელეკომპანია 5 დღის ვადაში გაასაჩივრებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად