ნიკა გვარამია: კუჭავას დღევანდელ განცხადებას მაშინ ვირწმუნებ, თუ ღარიბაშვილი, გომელაური და ლილუაშვილი თანამდებობებს დატოვებენ

ამის შესახებ “მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

“პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი ნამდვილად სწორი და გაბედული განცხადების გულწრფელობას მაშინ ვირწმუნებ, თუ ღარიბაშვილი, გომელაური და ლილუაშვილი უმოკლეს ვადაში თანამდებობებს დატოვებენ. ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს მისი და მისი უმრავლესობის კომპეტენციაშია. განცხადებებით ფონს ვერ გავლენ.” – წერს ნიკა გვარამია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა მიიჩნევს, რომ არ შეიძლება იმ ძალადობრივი ქმედებების გამართლება, რომლებიც 5 ივლისს განვითარდა თბილისში.

„ჩვენ ისტორიულად, ქვეყანას გვაერთიანებს სიყვარული და ჩვენი რელიგია, რომელიც მოგვიწოდებს მხოლოდ ერთმანეთის პატივისცემას. ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, მით უმეტეს, რელიგიის სახელით განხორციელებული ქმედებები, უბრალოდ მიუღებელია. მართლა არ მესმის, 10-10 კაცი რომ ერთს დასდევს, ამას ან კაცობა ჰქვია, ან ვაჟკაცობაში თვლიან, ან ვისი სახელით აკეთებენ ამას“, – განაცხადა კახა კუჭავამ 6 ივლისს, პარლამენტის ბიუროს სხდომის დაწყების წინ.

მისი თქმით, განსაკუთრებით მიუღებელია, როდესაც ძალადობა ხდება ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე, ადამიანებზე, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ.

„მე მინდა, ამ ადამიანებს ვკითხო – ხვალ მათი შვილები შეიძლება იყვნენ ოპერატორები და ჟურნალისტები და უნდა გაამართლონ მათ შვილებზე ასეთი ქმედება? ეს ყოვლად მიუღებელია. აქ ერთადერთი გამოსავალი და შემდეგი ნაბიჯი არის მკაცრი რეაგირება. იდენტიფიცირება ყველა იმ ადამიანის, ვინც ძალადობაში იღებდა მონაწილეობას. უნდა დაისაჯოს ყველა. სხვანაირად ჩვენ ვერ განვვითარდებით“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

5 ივლისს თბილისში “თბილისი პრაიდის” ორგანიზებით “ღირსების მარში” უნდა გამართულიყო, თუმცა ჰომოფობიურად განწყობილი ასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა. მათ აშალეს პარლამენტის წინ გაშლილი კარვები, ჩამოადგეს ევროკავშირის დროშა, დაარბიეს „თბილისი პრაიდის“ ოფისი და ცდილობდნენ „სირცხვილიას“ ოფისში შეჭრასაც. მთელი დღის განმავლობაში ისინი თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 5 ივლისის დილით, მთავრობის სხდომის დაწყების წინ თქვა, რომ პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი „ღირსების მარშის“ ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა. მოგვიანებით პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება ჰომოფობიური, მოძალადე ჯგუფების წახალისებად შეფასდა.

ამ ყველაფრის შემდეგ, პრაიდის ორგანიზატორებმა “ღირსების მარშის” გაუქმება გადაწყვიტეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯამში დაკავებულია 11 პირი. სულ იძალადეს 55 ადამიანზე, რომელთაგან 53 მედიის წარმომადგენელია.

კომენტარები
იტვირთება...