დღევანდელი დღე იყო ქართული დემოკრატიის მორიგი მარცხი და ამის თქმა ყველა პასუხისმგებლიანი მოქალაქის ვალია - ამის შესახებ ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რითაც „პრაიდ ფესტივალის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„ცხადია, შავრაზმელების შიშით ლგბტ თემი ვერ გაქრება და არც უნდა გაქრეს, რადგან ეს სიბნელის გამარჯვება და მიზნის ასრულება იქნება. 
ასევე ცხადია, დღევანდელი დარბევით მდგომარეობის გაუარესების სპირალის კიდევ ერთი ხვეული გავიარეთ: ავტორიტარულმა რეჟიმმა მოწყვლადი ჯგუფი კიდევ უფრო მოწყვლადი გახადა და თავისი პროპაგანდით მორიგ ჯერზე შეეცადა მისგან მტრის ხატი შეექმნა. 
ასევე ცხადია, რომ რეჟიმი დღევანდელ დღეს საკუთარ გამარჯვებად და პროპაგანდისტული ამოცანის შესრულებად მიიჩნევს და საერთოდ არ გრძნობს თავს დასუსტებულად ან, მით უფრო, დამარცხებულად.
ასევე ცხადია, რომ ის, თუ როგორ უნდა მოიქცეს თემი, მხოლოდ თემის გადასაწყვეტია საკუთარი ინტერესების ურთიერთშეჯერებით და შესაძლო შედეგების ურთიერთშეწონვით, არსებული კონტექსტის გააზრებით და პროცესების სავარაუდო განვითარების რაციონალური პროგნოზირებით. 
ჩემი აზრით, დღევანდელი დღე იყო ქართული დემოკრატიის მორიგი მარცხი, როცა მორიგ ჯერზე ფეხქვეშ გაითელა კონსტიტუცია და ადამიანის  საყოველთაოდ აღიარებული უფლებები. და ამის თქმა ყველა პასუხისმგებლიანი მოქალაქის ვალია.
ჩემივე აზრით, ეს იყო მარცხი, რომელიც წინასწარ იყო ცნობილი, დამდგარი შედეგები კი საკმარისად გარჩევადი და მაღალი ალბათობით პროგნოზირებადი. და ამის თქმაც ყველა პასუხიმგებლიანი მოქალაქის ვალია“,- წერს გვარამია.