ნიკა გვარამია: ჩვენ გამოვდივართ, სპეციალური რეჟიმის მდგომარეობიდან და ვუბრუნდებით მწვავე კრიტიკული გაშუქების რეჟიმს

“ბოლო ერთი თვე, მედიისთვის, ჩვენი არხისთვის მათ შორის აღმოჩნდა უმძიმესი და უმწვავესი. მედიამ თავისი თანმიმდევრული და გუნდური მუშაობით, თავისი სოლიდარობით მაგალითი აჩვენა ყველას, თუ როგორ უნდა იბრძოლო საკუთარი უფლებებისთვის.” – ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

“მართალია ჩვენ ვერ მოვახერხეთ ხელისუფლებაში მყოფი დამნაშავეების გადაყენება, მაგრამ მოვახერხეთ უფრო მეტი, ჩვენ შევასრულეთ მედიის მთავარი ფუნქცია, ჩვენ ზედაპირზე ამოვიტანეთ “ქართული ოცნების” ნამდვილი სახე. დღევანდელი განცხადებით “ქართულმა ოცნებამ” ოფიციალურად გააფორმა საქართველოში დიქტატურა, რომელიც მანამდეც არსებობდა. მაგრამ ან ვერ ვამჩნევდით, ან არ ვიმჩნევდით, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, მაგრამ დღეს უკვე არანაირი სივრცე არ არსებობს დამატებითი ინტერპრეტაციებისთვის. აღარანაირი სივრცე არ არსებობს საკუთარი თავის მოტყუებისთვისაც კი, დღეს სავსებით ცხადია, რომ ჩვენ საქმე გვაქვს “ქართული ოცნების” დიქტატურასთან.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მედიის მუშაობამ შეასრულა უნიკალური და ისტორიული როლი “ქართული ოცნების” რეჟიმის დამარცხებაში. “ქართული ოცნების” რეჟიმის დამარცხების წინაპირობა არის მისი რეალური სახის გაშიშვლება, რაც ბოლომდე მედიის დამსახურებაა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საკითხმა მიიღოო მკაფიოდ პოლიტიკური ხასიათი, ჩემი არხის სახელით ვაცხადებ, რომ მედიამ უმაღლეს დონეზე შეასრულა საკუთარი ფუნქცია.

გამომდინარე იქიდან, რომ როგორც აღვნიშნე, პროცესებმა მიიღო მკაფიოდ პოლიტიკური სახე, ჩვენ გამოვდივართ, სპეციალური რეჟიმის მდგომარეობიდან და ვუბრუნდებით მწვავე კრიტიკული გაშუქების რეჟიმს. კიდევ ერთხელ საკითხმა მიიღო მწვავე პოლიტიკური ელფერი და ეს საქმე და ბრძოლა არის პოლიტიკოსების მოსაგები. საქართველო არის პოლიტიკოსების გადასარჩენი, ეს არის მკაფიოდ პოლიტიკური ბრძოლა, რაც დღეს რუსეთთან პრაქტიკული შეერთების დეკლარაციით გააკეთა “ქართულმა ოცნებამ”, თავისთავად ცხადია, “მთავარი არხი”, იმედი მაქვს სხვა ოპოზიციური მედიებიც ამ პროცესში იდგებიან არა პოლიტიკური პარტიების, არამედ საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით.” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტზე შეთანხმებამ თავი ამოწურა
მისივე თქმით, თუ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია – ჩვენ მზად ვართ

კომენტარები
იტვირთება...