ნიკა გვარამია: ჩემი წყაროს ცნობით, ბოკოვი არაა “ქილერი”, ის მარშრუტის შემსწავლელია და თანამოაზრე ეყოლება

“ჩემი წყაროს ცნობით, ბოკოვი არაა “ქილერი”, ის მარშრუტის შემსწავლელია და თანამოაზრე ეყოლება”, – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ჟურნალისტებს გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

“ჩემი წყაროს ინფორმაციით, ბოკოვი არ არის “ქილერი”, ბოკოვი არის მარშრუტის შემსწავლელი ჯგუფის წევრი. შესაბამისად, მას თანამზრახველი აუცილებლად ეყოლება.

არ ვიცი, მე არ ვფლობ ამ ინფორმაციას, რომ ამ ჯგუფის წევრები შესაძლოა საქართველოს ტერიტორიაზე იყვნენ. რა ინფორმაციასაც ვფლობდი, ის მივაწოდე საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლებს. ჩემი ინფორმაციით, დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა გაბუნიას მარშრუტის შესწავლა, ერთი ადამიანის თუ რამდენიმე ადამიანის მიერ, ეს მე არ ვიცი.

მე რომ მდომოდა ამისგან სკანდალის გაკეთება და ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გამოყენება, ამას აუცილებლად გავაკეთებდი. თავის დროზე განცხადებებსაც გავაკეთებდი, ან თუ არა თქვენს მერე [“ფორმულას” ჟურნალისტს მიმართა] კი არ გავაკეთებდი განცხადებას, არამედ მაშინვე.

ბოკოვთან დაკავშირებით “მთავარმა არხმა” სხვა მიმართულებით გააკეთა სიუჟეტი. ჩვენ გვქონდა მასთან დაკავშირებით სულ სხვა ინფორმაცია. ჯერ ერთი არც ვიცოდით, სახელი და გვარი იმის, ვინც გაბუნიას უთვალთვალებდა. ჩვენ ვიცოდით, რომ კადიროვი ფიგურირებდა და იქიდან წამოვიდა შეკვეთა უკრაინის ტერიტორიაზე მყოფ ჩეჩენთან დაკავშირებით. ის რუსეთის მოქალაქეა თუ უკრაინის, ეს არ ვიცი. საქართველოში შესწავლა რომ დაიწყო აქედან ვიცით ჩვენ ეს. თავიდან მთლად სერიოზულად არ მიიღეს და უკრაინაში მყოფი ქართველი პოლიტიკოსების პროვოკაციად ჩათვალეს, მაგრამ რამდენიმე დღეში დასტურდება რაღაც დეტალები და დაიწყო მისი შესწავლა. ამას სუსი გვაძლევს და ამიტომ აღარც მივმართეთ. დაიწყო სუს-ის თვალთვალი და სიმართლე გითხრათ გაგვიხარდა. იმიტომ, რომ უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ. გვითხრეს, რომ მარშრუტის დამდგენი პირი დაჰყვება გაბუნიას და ჩვენ დავყვებით ამ პირს. ჩვენ არაფერში არ დაგვიდანაშაულებია ხელისუფლება. რუსეთს პასუხს რომ ვერ სცემს ეს სხვა საკითხია და ეს არის პოლიტიკური საკითხი, მაგრამ გაბუნიას თავდასხმის მომზადებაში ვერცერთ განცხადებას ვერ გაიხსენებთ, რომ ხელისუფლება დავადანაშაულეთ”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკა გვარამია და ამვე არხის ჟურნალისტი გიორი გაბუნია  გამოკითხვაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იყო დაბარებული. თუმცა, ორივე მათგანმა სასამართლოს წესით მოითხოვა გამოკითხვა.

შეგახსენებთ,  “ფორმულამ” სუს-ის კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა გიორგი გაბუნიას მკვლელობა.

მოგვიანებით, “მთავარი არხის” დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის დაკვეთით რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი “მთავარი არხის” ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვასამბეკ ბოკოვთან დაკავშირებით მოგვიანებით გაავრცელა განცხადება. სადაც, აღნიშნულია რომ რუსეთის მოქალაქე დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე თუმცა, კონკრეტულად ვის მკველობას გეგმავდა  ვასამბეკ ბოკოვი განცხადებაში არაფერია ნათქვამი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვასამბეკ ბოკოვს აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად