ნიკა გვარამია: არჩევნების გაყალბება უკვე დაწყებულია – ოპოზიციური მედიების გაჩუმება სხვა შედეგით დასრულდება

არჩევნების გაყალბება უკვე დაწყებულია – ოპოზიციური მედიების გაჩუმება სხვა შედეგით დასრულდება, – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ერთ დღესაც კრასნოდარი მხარეში რომ გავიღვიძოთ, არ იქნება არცერთი ის მედია, რომელიც ამას აცნობებს ადამიანებს.

“ვინ უნდა აკრიტიკოს ქართული ოცნება და ვინ უნდა მოახდინოს ჩვენი დასავლური მიმართულების “ფრომოუშენი”. რა უნდა გააკეთოს ტელეკომპანია “იმედმა” და “რუსთავი 2”-მა. ეს ხომ სასაცილოა. ამ ქვეყანაში, ყველა მეთოდით ამთავრებენ მედიას არჩევნებამდე ორი თვით ადრე. უკვე დაწყებულია არჩევნების გაყალბება.

რა თქმა უნდა, ოპოზიციური მედიების გაჩუმება დასრულდება სხვა საარჩევნო შედეგით. იმიტომ, რომ დასრულდება ოპოზიციის მხარდაჭერა და ჩვენ ვუჭერთ ოპოზიციას მხარს, დასრულდება “ოცნების” კრიტიკა და ვინმემ არ მითხრას, რომ ეს საარჩევნო შედეგზე არ იმოქმედებს. იმოქმედებს. ყველას შევახსენებ, რომ არჩევნების გაყალბება იწყება არა არჩევნების დღეს, არამედ გაცილებით ადრე. ამას მოყვება მასობრივი მოსყიდვები, მასობრივი დაშინება და კარგად იყავით მეგობრებო – 43%-ს კი არა, 103%-ს მიიღებს “ქართული ოცნება”.

ჩვენ ვიმუშავებთ კანონით ნებადართულ ფარგლებში. ვიმუშავებთ, სანამ მოგვცემენ საშუალებას. გულწრფელად მაინტერესებს – საგადასახადო სამსახურმა რომ დაწეროს ყველაფერი დარღვეულიაო, სადმე გავასაჩივრებთ? სასამართლო არსებობს და მოვიგებთ ამ სასამართლოს თუ რა მოხდება?! ცუდი დასკვნით გააჩერებენ მედიას. შეიძლება 1 წლის მერე პოზიტიური დასკვნა დაწერონ და გაგვხსნან, მაგრამ ამ დროისთვის მედია აღარ იარსებებს. ამით მთავრდება დემოკრატია კი არა, ამით მთავრდება ყველაფერი.

ერთ დღესაც კრასნოდარი მხარეში რომ გავიღვიძოთ, არ იქნება არცერთი ის მედია, რომელიც ამას აცნობებს ადამიანებს”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ იქამდე განაცხადა: „მთავარი არხის“ გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა – ეს ტელევიზიაში შესვლის იდენტურია

კომენტარები
იტვირთება...