ნიკა ჩიტაძე: შარლ მიშელი ალბათ იმიტომ ჩამოდის, რომ ჟურნალისტების ცემა და მოსამართლეების დანიშვნა ევოკავშირის შეშფოთების საგანია

შარლ მიშელი ალბათ იმიტომ ჩამოდის, რომ ჟურნალისტების ცემა და მოსამართლეების დანიშვნა ევოკავშირის შეშფოთების საგანია, – ამის შესახებ “აიპრესს” პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ განუცხადა.

მისი თქმით, 5-6 ივლისის მოვლენების ორგანიზატორების დასჯა ხელისუფლებას არ აწყობს.

“საბოლოო ჯამში მგონია, რომ შარლ მიშელი და ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურები დაიწყებენ მუშაობას იმ მიმართულებით, რომ “ქართული ოცნება” არ ასრულებს რეკომენდაციებს და შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.

იმ ვითარებაში, როდესაც დღისით მზისით სცემენ ჟურნალისტებს და რომელმაც მასმედიის ერთ-ერთი წარმომადგენლის გარდაცვალებაც კი გამოიწვია, აქ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. ამის ნაცვლად ისინი ყველაფერს ოპოზიციას აბრალებენ. პლუს ხდება მოსამართლეების დანიშვნა უზენაეს სასამართლოში. ეს ყველაფერი ევროკავშირის შეშფოთების საგანია და შესაძლოა აღნიშნულს უაკვშირდებოდეს შარლ მიშელის სურვილი, რომ ჩამოვიდეს საქართველოში.

ევროკავშირის სურვილია, რომ ვითარება ჩაცხრეს. აქ უფრო ხელისუფლების მიმართულებით იქნება კრიტიკა და ის, რომ მას მოუწიოს დათმობაზე წასვლა. მაგალითად ის, რომ ხელისუფლება დათანხმდეს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს უპირობოდ. ან შესაძლოა მოთხოვნა იყოს, რომ ჟურნალისტების ცემაში მონაწილე ადამიანები სათანადოდ იყვნენ დასჯილები”, – თქვა ნიკა ჩიტაძემ.

“აიპრესის” რეპლიკაზე, რომ ჩვენი – მედიის წარმომადგენლების მოთხოვნა ორგანიზატორების დასჯაა, პოლიტოლოგი პასუხობს, რომ ისინიც აუცილებლად უნდა დაისაჯონ.

“შესაძლოა ხელისუფლებას არ აწყობდეს. შესაძლოა იგივე ფალავანდიშვილმა თქვას, რომ ხელისუფლების მხრიდან იყო შეთავაზება და მას ეს არ აწყობდეს. ასევე არ შეიძლება ეკლესიის ჩარევა პოლიტიკაში. მით უმეტეს ისინი არ უნდა ჩაერიონ, რომლებსაც ეკლესიასთან და სულიერებასთან მაინცდამაინც ბევრი საერთო არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ ანაფორა აცვიათ. მათ შორის მეუფეებსაც ვგულისმობ და არა მარტო. იგივე მეუფე ანტონსა და იაკობს. 2013 წელსაც იყო ასეთი მოვლენები და მაშინ არავინ არ დასჯილა, რადგან ევროკავშირს არ ჰქონდა ასეთი მძაფრი რეაქცია”, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

კომენტარები
იტვირთება...