ნიკა ჩიტაძე: “ოცნებას” ექნება საპარლამენტო ტრიბუნის მონოპოლია, მაგრამ პრობლემა ექნება ზოგიერთი საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებას

ერთპარტიული პარლამენტის შემთხვევაში “ოცნებას” ექნება საპარლამენტო ტრიბუნის მონოპოლია, მაგრამ პრობლემა ექნება ზოგიერთი საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებას, – ამის შესახებ აღნიშნულია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორის, საერთაშორისო საკითხების კვლევითი ცენტრის დირექტორის ნიკა ჩიტაძის ანალიტიკურ სტატიაში, რომელიც მან “აიპრესს” გამოუგზავნა.

სტატიაში ნიკა ჩიტაძე იმაზეც საუბარობს რას იგებს და აგებს ოპოზიციის პარლამენტში არშესვლის შემთხვევაში ხელისუფლება. გთავაზობთ სტატიიდან ამონარიდს, რომელიც ამ საკითხს ეხება.

რას იგებს და აგებს ხელისუფლება?

შეიძლება ითქვას რამდენიმე ფაქტორის შესახებ, რომელთა ფარგლებშიც შეიძლება მოიგოს სახელისუფლებო პარტიამ. კერძოდ, თუ მეათე მოწვევის პარლამენტმა მაინც დაიწყო ფუნქციონირება, „ქართულ ოცნებას“ შეეძლება საპარლამენტო კომიტეტების ფარგლებში შეიმუშაოს შესაბამისი კანონპროექტები და შემდგომში პლენარულ სხდომაზე გაიტანოს შესაბამისი დოკუმენტები, რომლებიც მისთვის იქნება მისაღები და შესაბამისად კონკრეტული კანონპროექტები კანონად ყოველგვარი პრობლემის გარეშე გადაიქცევა, მითუმეტეს რომ გადაწყვეტილების მიღებას გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდება;

მეათე მოწვევის პარლამენტში მმართველი პარტია შეძლებს მომავალი წლების ბიუჯეტის დამტკიცებას;

სახელისუფლებო პარტია შეძლებს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურისა და მთავრობის დამტკიცებას;

ხელისუფლება ექნება მონოპოლიური უფლება გამოიყენიოს საპარლამენტო ტრიბუნა თავის სასარგებლოდ.

რას აგებს ხელისუფლება?

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის „პარლამენტის საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიები“ მე-2 პუნქტის მიხედვით, „დროებით კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები“, ხელისუფლება მომავალი პარლამენტის ფარგლებში ვერ შექმნის  საგამოძიებო კომისიას;

ქვეყნის უზენაესი კანონის 47-ე მუხლში: „საერთაშორისო ხელშეკრულებები“ აღნიშნულია, რომ „პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით ახორციელებს საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირებას, დენონსირებას და გაუქმებას. პარლამენტი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებას, დენონსირებას და გაუქმებას ახორციელებს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედის უმრავლესობით“.

შესაბამისად, პარლამენტს შეექმნება პრობლემა განახორციელოს ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირება, რომელიც გახლავთ სამხედრო ხასიათის, მაგალითად თუ დღის წესრიგში დადგება (ღმერთმა ქნას) აშშ-ის სამხედრო ბაზების საქართველოში განთავსების საკითხი, ან ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციაში ან სახელმწიფოთაშორისო კავშირში საქართველოს შესვლას და ა.შ.

საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის მიხედვით, რომელიც კონსტიტუციის გადასინჯვის წესს უკავშირდება, „კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი“. შესაბამისად, ხელისუფლება ვერ განახორციუელებს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად