ნიკა ჩიტაძე: ივანიშვილმა გარკვეული ნიადაგი შეამზადა იმისათვის, რომ შესაძლოა საქართველოდან წავიდეს

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი დიდი ალბათობით საქართველოში დარჩება, მაგრამ ამავე დროს გარკვეული ნიადაგი მოამზადა იმისათვის, რომ ქვეყანა დატოვოს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება თუ დაინახავს, რომ “ქართული ოცნება” ძალაუფლებას კარგავს და ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობა” მოდის.

ამის შესახებ ჩიტაძემ “აიპრესთან” ისაუბრა, თუმცა ამბობს, რომ დღევანდელი მოცემულობით ივანიშვილი ქვეყანაში დაახლოებით 60-70%-იანი ალბათობით რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკაშიც დარჩება, ოღონდ საჯაროდ არ გამოჩნდება.

“ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი მხარს დაუჭერს “ქართულ ოცნებას”. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ რომელიმე ძალა მოდის ხელისუფლებაში, მაშინ ბუნებრივია მას საქართველოში არ დაედგომება და ის ალბათ დატოვებს საქართელოს. ალბათ ამ ვარიანტსაც განიხილავს ის. დააკვირდება როგორი ვითარება იქნება. ის ამ ვარიანტსაც განიხილავს. მით უმეტეს, როდესაც მოსალოდნელია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესება. საქართველოს საგარეო ვალი აღემატება 30 მილიარდ ლარს და ყოველწიურად მოუწევს სოლიდური თანხის გამოყოფა იმისათვის, რომ გაისტუმროს საგარეო ვალი.

ამიტომაც, თუ “ოცნება” კარგავს ძალაუფლებას, მაშინ ის დატოვებს საქართველოს. როდესაც საუბარია მის აქტივებზე, რომელიც მან გადასცა თითქოს ფონდ “ქართუს”. აქ საუბარია 24 ობიექტზე და საუბარია მილიარდი დოლარის ღირებულების ქონებაზე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას რეგისტრირებული აქვს 40-ზე მეტი სხვადასხვა კომპანია ოფშორულ ზონაში. ჟურნალ “ფორბსის” მონაცემებით, ივანიშვილის ქონება შეადგენს დაახლოებით 5.5 მილიარდ დოლარს. აქედან გამომდინარე, სად არის მისი ქონების დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი? ანუ ის ფლობს გარკვეულ აქტივებს, იმის გარდა, რაც ფონდს გადასცა. ფონდსაც ივანიშვილის ნათესავი განაგებს და ისიც ივანიშვილისგან იმართება დე-ფაქტოდ.

თუ ის დატოვებს საქართველოს, ქონებასაც თან წაიღებს. იმას, რაც ოფშორულ ზონებშია რეგისტრირებული. თუ ის წავა, ალბათ ასლან აბაშიძესავით წავა. წილები აქვს მოსკოვში. ეს ვარიანტიც უნდა განვიხილოთ, რადგან თუ დაინახა, რომ “ოცნება” კარგავს ძალაუფლებას და ვთქვათ “ნაცმოძრაობა” ბრუნდება ხელისუფლებაში, მაშინ მას საქართველოში არ დაედგომება. ამიტომაც მან გარკვეული ნიადაგი შეამზადა იმისათვის, რომ შესაძლოა წავიდეს. ოღონდ ამ ეტაპზე ამის ალბათობა შედარებით ნაკლებია. ჩემი მოსაზრებით, 60-70%-იანი ალბათობაა, რომ ის რჩება საქართველოში”,  – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად