ნიკა ჩიტაძე: 70%-იანი ალბათობით ივანიშვილი დარჩება პოლიტიკაში, მაგრამ არ გამოჩნდება მედიასთან

70%-იანი ალბათობით შემიძლია გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილი დარცება საქართველოში და თუ ის დარჩება ქვეყანაში, მაშინ ის არ დატოვებს პოლიტიკას, მაგრამ ის არ გამოჩნდება მედიასთან, რომ როგორმე გაფანტოს ეჭვები, თითქოს ის აღარ არის არაფორმალური მმართველი, – ამის შესახებ “აიპრესს” პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მეორე ვარიანტია ის, რომ მან მხარი დაუჭიროს რომელიმე ოპოზიციურ პარტიას, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა. იმ შემთხვევაში კი თუ ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში, მაშინ ივანიშვილი საქართველოდან წავა.

“მე ასე ვიტყოდი, რომ 70%-ით ის [ბიძინა ივანიშვილი] აპირებს საქართველოში დარჩენას. თუ ის აპირებს საქართველოში დარჩენას, ჩემი აზრით ის არ წავა პოლიტიკიდან. უბრალოდ 2013 წლის ვითარებასთან დაკავშირებით იქნება ერთი განსხვავება. მიუხედავად იმისა, რომ ის გადადგა პრემიერობიდანაც და პარტიული თანამდებობაც დატოვა, ის ხშირად ჩნდებოდა მასმედიიის წინაშე და ღიად უჭერდა მხარს “ქართულ ოცნებას”. როგორც გაირკვა, როცა ღარიბაშვილი გადადგა, მაშინ ეს მას ივანიშვილმა ურჩია. ამან გამოიწვია მოსაზრებები და საერთაშორისო ანგარიშებში ფრაზები, რომ საქართველოში არსებობდა არაფორმალური მმართველობა, ამიტომ ბრალდებოდა მას, რომ ის ერეოდა პოლიტიკაში.

ასეთი მოსაზრებების გაფანტვის მიზნით, ის არ გამოჩნდება მედიის წინაშე. დაემალება პრესას, მაგრამ თუ ის რჩება საქართველოში ის იქნება დაინტერესებული, რომ “ქართულმა ოცნებამ” შეინარჩუნოს ძალაუფლება. ან რომელიმე პოლიტიკურ პარტიას დაეხმარება და ის იქნება ივანიშვილისგან მართული. შესაძლოა “ქართული ოცნების” ალტერნატივა ასეთი პარტია იყოს”, – თქვა ნიკა ჩიტაძემ.

კითხვაზე, კალაძე, გახარია ან “ოცნების” რომელიმე ლიდერი ხომ არ შექმნის ოპოზიციურ პარტიას და მას ხომ არ დაუჭერს მხარს ივანიშვილი? – პასუხობს, რომ ალბათ არა.

“იმიტომ, რომ ყველა ეს ადამიანები “ქართულ ოცნებასთან” იქნებიან ასოცირებულები. ამიტომაც მეეჭვება. საერთოდ მართული ოპოზიციის შექმნა გაუჭირდება. შესაძლოა ეს არის მისი სურვილი, მაგრამ მგონია, რომ სტრატეგია არ აქვს ამ მიმართულებით. ასეთი პარტია რომ შექმნას, მაშინ კონკრეტულ პარტიას კონკრეტული მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს. ის ადამიანები, ვინც “ოცნების” მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილები, ისინი არ დაუჭერენ მხარს ახლადშექმნილ პარტიას. ისინი უჭერენ მხარს ვთქვათ “ნაციონალურ მოძრაობას”. “ნაცმოძრაობის” ან “ევროპული საქართველოს” ამომრჩეველი არასოდეს არ დაუჭერს მხარს “ქართულ ოცნებასთან” რაიმე ფორმით ასოცირებულ პარტიას.

თუ რომელიმე ოპოზიციური ძალა მოდის ხელისუფლებაში, ცხადია, რომ მას არ დაედგომება საქართველოში და ის ალბათ დატოვებს ასეთ შემთხვევაში საქართველოს. ალბათ ამ ვარიანტსაც განიხილავს ის”, – გვითხრა ნიკა ჩიტაძემ.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად