ნიგერიაში მეკობრეების მიერ დატყვევებული 4 ქართველი მეზღვაური თავისუფალია

20 თებერვალს მეკობრეების მიერ დატყვევებული ოთხი ქართველი მეზღვაური თავისუფალია და უახლოეს დღეებში სამშობლოში დაბრუნდებიან, ამის შესახებ ინფორმაციას, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად მეზღვაურების გატაცების დღიდან ჩართული იყო პროცესში.
„საკითხის კონფიდენციალურობიდან და მეზღვაურების პირადი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალების გამხელისაგან თავს ვიკავებთ, თუმცა აღვნიშნავთ, რომ ყველა მხარემ იმოქმედა კოორდინირებულად და მაღალ პროფესიონალურად, რამაც ძალიან მოკლე დროში მოგვცა შედეგი.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გემთფლობელი კომპანიის ძალისხმევა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა მეზღვაურების უსაფრთხოდ გამოსახსნელად. მადლობას ვუხდით გატაცებული მეზღვაურების ოჯახის წევრებს, რომლებმაც ამ მძიმე სიტუაციაში გამოიჩინეს სამაგალითო სიმშვიდე და ხელი შეუწყვეს პროცესის წარმატებით დასრულებას. ასევე, მადლობას ვუხდით ჟურნალისტებს, რომლებმაც გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნა და მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თავი შეიკავეს ყოველგვარი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან. ჩვენს მეზღვაურებს ვულოცავთ გათავისუფლებას“, -აცხადებენ სააგენტოს განცხადებაში.20 თებერვალს, ღამით, შეიარაღებული პირები ნიგერიაში, ლაგოსის პორტთან ახლოს, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს თავს დაესხნენ. საიდანაც 10 მეზღვაური გაიტაცეს, მათ შორის 4 მეზღვაური ქართველი იყო.

კომენტარები
იტვირთება...