ნიდერლანდებში პოლონელმა მუშამ, 3 შვილის მამამ, 3 გერმანელი ბავშვი დახრჩობას გადაარჩინა და თავად დაიღუპა

ნიდერლანდებში, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ჯულიანადორპში, პოლონელმა სეზონურმა მუშამ ზღვაში შესული სამი გერმანელი ბავშვი დახრჩობას გადაარჩინა, თავად კი დაიღუპა.

ნიდერლანდების პრესის ცნობით, 2 აგვისტოს, ჯულიანადორპის პლაჟზე მყოფი 37 წლის პოლონელი მეუღლეს ელაპარაკებოდა ტელეფონით, როდესაც შენიშნა, რომ ზღვაში ბავშვები იხრჩობოდნენ. “რაღაც უჭირთ ბავშვებს, მერე გავაგრძელოთ”, – უთხრა მან მეუღლეს და ზღვას მიაშურა.
 
ჯულიანადორპის პლაჟი დაუცველია, არაა გამაფრთხილებელი ნიშნები იმის შესახებ, რომ იქ არ არიან მაშველები და ღელვის დროს ზღვაში შესულები მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე უნდა იყვნენ. პოლონელმა მოახერხა ბავშვების დახმარება, თავად კი, უკვე ძალაგამოცლილმა, ვეღარ შეძლო უკუტალღას გამკლავებოდა.
 
შეტყობინების მიღებიდან 7-8 წუთში მეზობლად მდებარე კალანცუგიდან გასული მაშველების ბრიგადამ ნაპირზე, შემთხვევის ადგილიდან მოშორებით, ტალღების მიერ გამორიყული პოლონელი ნახა. მისი რეანიმაციის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და იგი საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.
 
პოლონელი სამთომომპოვებელი კომპანიის მუშა იყო, მიწისზედა სამუშაოებზე დასაქმებული. ის სეზონურ სამუშაოებზე ხშირად დადიოდა გერმანიაში, წელს კი პირველად გაემგზავრა ორი თვის ვადით სამუშაოდ ნიდერლანდების ქალაქ კალანცუგის ნათურების მწარმოებელ კომპანიაში.
 
პოლონელს სამი ბავშვი დარჩა ობლად – 2, 10 და 12 წლის ასაკის. მისმა გარდაცვალებამ ნიდერლანდებში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ნიდერლანდელი 22 წლის მარტინა იანაში სოციალური ქსელების მეშვეობით დაუკავშირდა დაღუპული პოლონელის მეუღლეს და საჭირო პროცედურების გავლის შემდეგ გახსნა ანგარიში პლატფორმა კრაუდფანდინგზე.
 
მარტინა ვარაუდობდა, რომ 35 ათას ევრომდე თანხა შეგროვდებოდა და ამ თანხით, პირველ რიგში, დაღუპული მარჩინ კოლჩინსკის პოლონეთში გადასვენება და დაკრძალვა იქნებოდა შესაძლებელი. პარასკევისთვის ჩარიცხული თანხების ოდენობამ მოლოდინს გადააჭარბა – ორი თვის ვადით უკვე ჩარიცხულია 200 ათასი ევრო.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად