ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი: შოკირებული ვარ ქართველი ოპერატორის გარდაცვალებით

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, სიგრიდ კააგი TV პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე მწუხარებას გამოთქვამს და წერს, რომ ჟურნალისტების მიმართ ძალადობა დაუშვებელია.

“შოკირებული ვარ ქართველი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით, რომელსაც თავს 5 ივლისს, პრაიდის კვირეულის დროს დაესხნენ. ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ჟურნალისტების მიმართ ძალადობა დაუშვებელია”, – წერს სიგრიდ კააგი ტვიტერზე.

ლექსო ლაშქარავას მოძალადე ჯგუფები განსაკუთრებული სისასტიკით 5 ივლისს, მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისთან გაუსწორდნენ. მას სახის ძვლები ჰქონდა ჩამსხვრეული და ოპერაცია დასჭირდა.

11 ივლისს, ლაშქარავას დედამ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა. გარდაცვლილის ცხედრის ექსპერტიზას მისი ოჯახი ეწინააღმდეგებოდა, თუმცა მიუხედავად ამისა, კრიმინალისტებმა ლექსო ლაშქარავას ცხედარი მისი საცხოვებელი სახლიდან ტომრით გაიტაცეს.

შსს ლაშქარავას გარდაცვალებას ნარკოტიკებით შესაძლო ზედოზირებას უკავშირებს და არაფერს ამბობს იმაზე, რომ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ის ძალადობრივმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს. 12 ივლისს უწყებაში განაცხადეს, რომ “ექსპერტიზის შუალედური დასკვნით, ლაშქარავას სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკით ზედოზირება გახდა”.

ლაშქარავას გარდაცვალების გამო, უკვე მესამე დღეა მედიის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციებს მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და შესაბამისად, პასუხიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოძალადეებმა უნდა აგონ.

კომენტარები
იტვირთება...