NGO-ები საზოგადოებრივ მაუწყებელს რუსთავი 2-ის დავაზე ღია დისკუსიის მოწყობისკენ მოუწოდებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს მოუწოდებს „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესის მიმდინარეობასა და მის მფლობელთა შესახებ ღია ეთერი მოაწყოს, სადაც მხარეებს შესაძლებლობა მიეცემათ დოკუმენტურად დაასაბუთონ მოთხოვნები და პოზიციები.

 

ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმართვა „ახალგაზრდა ადვოკატების“ ორგანიზებით, გამართულ შეხვედრაზე მომზადდა, რომელშიც მონაწილეობას სამოქალაქო ორგანიზაციები, სამართლის სპეციალისტები, მედია-სფეროს ექსპერტები და კონსტიტუციონალისტები იღებდნენ მონაწილეობას.



„ორგანიზაციები საჭიროდ მიიჩნევენ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააკეთოს განმარტებები, თუ რატომ არ ხდება არხის მხრიდან მიმდინარე სასამართლო სხდომების ჩაწერა, რატომ მოხდა აღნიშნული უფლების დათმობა საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან მხოლოდ „რუსთავი 2“-ის მიმართ, როდესაც საქმეზე არსებობს საჯარო ინტერესი და საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, კანონის მიხედვით, უზრუნველყოს სხდომის ჩაწერა“, – ნათქვამია განცხადებაში. 

არასამტავრობოები ასევე მიიჩნევენ, რომ სასამართლო დავის მხარეთა პოზიციების საზოგადოებამდე მიტანაში, განსაკუთრებული როლი უნდა იკისროს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, რათა ღია შეხვედრებმა ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, მხოლოდ მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაფუძნებით, მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია და მოხდეს საზოგადოებრივი, სამართლებრივი და პოლიტიკური გარემო სწორი შეფასება. 



„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, პოლიტიკოსებმა, სამოქალაქო ორგანიზაციებმა და დიპლომატიურმა კორპუსმა დესტრუქციული გარემოს შესაცვლელად მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადადგან, პოლიტიკურ პროცესს მიეცეს განვითარების შესაძლებლობა და არსებული სამართლებრივი საკითხები დამოუკიდებელმა სასამართლომ კანონის სრული დაცვით გადაჭრას.

მისივე თქმით, მოსახლეობას მრავალი წელია, ერთ ხმაში, ერთი და იგივე ადამიანები ესაუბრებიან. საინფორმაციო ველი კი შეზღუდულია ალტერნატიული კითხვების დასმისგან, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მიცემდა საკუთარი მყარი პოზიციები ჰქონოდათ მიმდინარე პოლიტიკურ, სამართლებრივ და საზოგადოებრივ მოვლენებზე. 



არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე არსებული საჯარო ინტერესი გულისხმობს საჭირო პასუხებს არსებულ კითხვებზეც, თუ ვის ეკუთვნის ტელეკომპანია, დათმო თუ დაათმობინეს სადაო წილები არხის ყოფილ მფლობელებს, რა მტკიცებულებებია საქმეში „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი მფლობელების სასარგებლოდ, რამდენად გამართულია მხარეთა სასარჩელო მოთხოვნები, რამდენად დაცულია მხარეთა შეჯიბრითობა თუ მტკიცებულებათა სასამართლო სხდომაზე წარდგენის ვადები.

„მიგვაჩნია, რომ მოსახლეობისთვის საინტერესო ახლა მხოლოდ ეს არის, რაზედაც მიზანმიმართულად საუბარი არ მიმდინარეობს“ – განაცხადა კაიკაციშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად