ნევადაში, დემოკრატიული პარტიის კოკუსებზე ბერნი სანდერსმა გაიმარჯვა

ვერმონტის სენატორმა ბერნი სანდერსმა, ნევადაში, დემოკრატიული პარტიის კოკუსებზე (კოკუსი – კანდიდატებისა და ამომრჩევლების არაფორმალურ შეხვედრა, რომლის დროსაც ღიად ხდება სხვადასხვა კანდიდატურების განხილვა და შემდეგ კენჭისყრის გზით დელეგატების არჩევა. კოკუსის დროს ამომრჩევლები ცხადდებიან ხმის მისაცემ ადგილებში, სადაც მათ რამდენიმე საათის განმავლობაში უწევთ პოლიტიკური დებატების მოსმენა) გამარჯვება მოიპოვა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მან ხმების 43% მიიღო.

სანდერსმა, ამ შტატში ამომრჩეველთა 46,2%-ის მხარდაჭერა მიიღო. მეორე ადგილზე აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხმების 20,7%-ით გავიდა. მესამე ადგილზეა ქალაქ საუტ-ბენდის ყოფილი მერი პიტ ბუტიჯიჩი 15,1%-ით, ხოლო მეოთხე ადგილზე – მასაჩუსეტსის სენატორი ელიზაბეთ უორენი 9,5%-ით.

„სრულებით დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ ისეთი ხელისუფლების შექმნას, რომელიც დამყარებული იქნება თანაგრძნობაზე, სიყვარულზე და სიმართლეზე და არა იმაზე, რაზეც ახლა არის – სიხარბეზე, კორუფციაზე და სიცრუეზე“, – განაცხადა სანდერსმა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი, სანდერსის გამარჯვებას თავის Twitter-ზე გამოეხმაურა. მისი თქმით, დანარჩენი კანდიდატები სუსტად გამოიყურებიან.

„გილოცავ, ბერნი და არ მისცე მათ იმის უფლება, რომ გამარჯვება წაგართვან“, – წერს ტრამპი.

პირველი კოკუსები აიოვას შტატში 3 თებერვალს ჩატარდა, სადაც პირველი ადგილი ბუტიჯიჩმა დაიკავა, ხოლო სანდერსი მეორე ადგილზე აღმოჩნდა. პრაიმერიზში კი, რომელიც ნიუ-ჰემფშირში გაიმართა, სანდერსმა გაიმარჯვა. რესპუბლიკელებში კი, ორივე შტატში, ხმების უმრავლესობა ტრამპმა აიღო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...