ნეპალში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ნეპალის ჯანდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად გამოწვეული პნევმონიის დიაგნოზი ქვეყნის ტერიტორიაზე ერთ ადამიანს დაუსვეს.

“ნეპალი სახიფათო, მომაკვდინებელი ვირუსის პირველი ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევის შესახებ იტყობინება”,-წერს გამოცემა Times of India “ტვიტერის” გვერდზე.

ვირუსი 32 წლის ნეპალელ სტუდენტს აღმოაჩნდა. ის სამშობლოში ჩინეთის ქალაქ უხანიდან იანვრის დასაწყისში დაბრუნდა. მას შემდეგ, რაც მან თავი შეუძლოდ იგრძნო, სამედიცინო დაწესებულებას მიმართა. თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ, ახალგაზრდა საავადმყოფოდან გაწერეს. იმავე კვირაში ექიმებმა ის ჰონგ-კონგში კორონავირუსის შესამოწმებლად ანალიზების ჩასატარებლად გაგზავნეს, რომლის პასუხიც ვირუსზე დადებითი აღმოჩნდა.

შექმნილი კრიზისული ვითარების გამო, ქალაქ უხანთან საჰაერო, სარკინიგზო და სხვა სახის სატრანსპორტო მიმოსვლა შეჩერებულია. ასევე, საქალაქო ტრანსპორტმაც მუშაობა შეაჩერა. ჰუბეის პროვინციის მასშტაბით, ქალაქიდან ქალაქში გადასვლა შეზღუდულია.

ჩინეთის ხელისუფლებამ ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად გადაწყვიტა, რომ 26 იანვრიდან, ქვეყნის პროვინციებს შორის ავტობუსების გადაადგილება შეჩერდეს. 

გარდა ამისა, ჩინეთის ხელისუფლება ქალაქ უხანში მეორე საავადმყოფოს სასწრაფოდ ააშენებს, რომელიც კორონავირუსის მქონე პაციენტების მკურნალობისთვის იქნება განკუთვნილი.

ხელისუფლებამ ასევე გააუქმა მარათონი, რომელშიც სავარაუდოდ, 9 თებერვალს დაახლოებით 70 ათას ადამიანს უნდა მიეღო მონაწილეობა, ასევე  ჩინურ ახალ წელთან დაკავშირებით სასკოლო არდადეგები გახანგრძლივდა.

ჰონგ კონგში კორონავირუსის ხუთი შემთხვევაა დაფიქსირებული. ყველა პაციენტი ადრე ჩინეთის ქალაქ უხანს ეწვია, საიდანაც დაავადების გავრცელება დაიწყო.

პარალელურად, ავსტრალიასა და მალაიზიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა. ავსტრალიაში ინფიცირების პირველი შემთხვევა ვიქტორიის შტატში დაფიქსირდა. როგორც SBS News-ი იუწყება, სახელმწიფო ჯანდაცვის მინისტრმა ჯენი მიკაკოსმა აღნიშნა, რომ ეს დაავადება ჩინეთის მოქალაქეს აღმოაჩნდა, რომელიც მელბურნში 19 იანვარს ჩავიდა მას შემდეგ, რაც ქალაქ უხანში 2 კვირა იმყოფებოდა.

მანამდე, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების მესამე შემთხვევა დადასტურდა. ეს რამდენიმე საათის შემდეგ მოხდა, რაც “უხანის” პნევმონია ქვეყანაში ორ პაციენტს პირველად ოფიციალურად დაუდასტურდა. დაავადება პარიზსა და ბორდოში გამოვლინდა.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად