NDI-ის კვლევა: მოსახლეობა მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მოსახლეობის 60 პროცენტი მთავრობის საქმიანობას “ცუდად” აფასებას. ამავე კვლევის თანახმად, პრემიერმინისტრის, პრეზიდენტის, სასამართლოებისა და პარლამენტის უარყოფითი შეფასება იზრდება.

საჯარო ინსტიტუტებს შორის ყველაზე კარგად საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა (64 პროცენტი) და იუსტიციის სახლების (57 პროცენტი) საქმიანობა შეფასდა. თბილისის მერის კახა კალაძის საქმიანობას კვლავაც უმეტესად დადებითად აფასებენ.

“გასული წლის განმავლობაში მთავრობის საქმიანობის შეფასება გაუარესდა, რაც სავარაუდოდ, მოსახლეობის მიერ ქვეყნის მიმართულებისა და ეკონომიკის ცუდ შეფასებასთან არის დაკავშირებული,” – განაცხადა ლორა თორნტონმა, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა. – “როგორც სამშაბათს გამართულმა კვლევის პრეზენტაციამ აჩვენა, საზოგადოება ეკონომიკურ კეთილდღეობაზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს.”

მოსახლეობის დიდ უმრავლესობას (92 პროცენტი) 20 ივნისის მოვლენების შესახებ სმენია და, ღია კითხვაში, 55 პროცენტი მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას (43 პროცენტი), მაშინ მოქმედ შს მინისტრ გიორგი გახარიას (9 პროცენტი), შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციას (1-1 პროცენტი) აკისრებს. ასევე, მათგან ვისაც სმენია 20 ივნისის მოვლენების შესახებ, 8 პროცენტი მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობას ნაციონალურ მოძრაობას აკისრებს.

გარდა ამისა, ვისაც 20 ივნისის მოვლენების შესახებ სმენია, მათგან 68 პროცენტი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ საპროტესტო აქციის დაშლისას გადამეტებული ძალა გამოიყენა.  მათგან ვისაც სმენია 20 ივნისის მოვლენების შესახებ და ფიქრობს, რომ მთავრობამ გადამეტებული ძალა გამოიყენა, 71 პროცენტს მიაჩნია, რომ მათ მიმართ, ვინც გადამეტებული ძალა გამოიყენა, სათანადო ღონისძიებები არ გატარებულა. თუმცა, საზოგადოებრივი აზრი გაყოფილია გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნასთან დაკავშირებით – მათგან ვისაც სმენია 20 ივნისის მოვლენების შესახებ, 46 პროცენტი ეთანხმება, ხოლო 39 პროცენტი არ ეთანხმება გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად