A1 ბანერი

ნაზი ჯანეზაშვილი: ეს გამარჯვება არის შუალედური, მაგრამ არ უნდა მოვტყუვდეთ

“ეს გამარჯვება არის შუალედური, მაგრამ არ უნდა მოვტყუვდეთ”, – ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას, მოსამართლეების არჩევის კრიტერიუმების შემუშავებასთან დაკავშირებით.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში გაგრძელდება, თუმცა ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ წარსულში აღნიშნულ ჯგუფს წარმატებული შედეგები არ ჰქონია.

„გასული წლის აპრილში ჩემი რჩევები წარვუდგინე პარლამენტს, როგორი უნდა ყოფილიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევის პროცედურა, თუმცა მაშინ ეს მოსმენილი და გაზიარებული არ იყო. მაგრამ, იმისათვის, რომ ეს პროცესი დაიხვეწოს და სწორად წარიმართოს, მნიშვნელოვანია პარლამენტმა და სამუშაო ჯგუფმა რამდენიმე პრინციპი გაითვალისწინოს, იმისათვის, რომ არ მივიღოთ ისევ ჩინჩალაძე, გვრიტიშვილი, მიქაუტაძე და კლანის ის სხვა წევრები, რომლებიც ამ სიაში არიან წარმოდგენილები. არ მინდა დადგეს შედეგი, რომ დახვეწილი პროცედურებით, ფორმალობის დაცვით, ისევ ეს ხალხი მოხვდეს სიაში და პარლამენტმა იმ ხალხის შესახებ იმსჯელოს, რომელთა მიმართაც საზოგადოებაში უამრავი კითხვა და პრეტენზიაა. ამასთან, მათ მიმართ ნდობა, რა თქმა უნდა, დაბალია“, – აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მას მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა ორგანულ კანონში ცვლილებების შემუშავებისას რამდენიმე პრინციპი უნდა გაითვალისწინოს.

მისი მოსაზრებით, უპირობოდ მნიშვნელოვანია ღია კონკურსის გამოცხადება. 

„კონკურსის გარეშე კანდიდატურების შერჩევა და ამ ფორმით დასახელებული კანდიდატურები, ბუნებრივია სანდო ვერასდროს ვერ იქნება“, – ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

ნაზი ჯანეზაშვილის შეთავაზებაა, შეიქმნას იმ კანდიდატურების გადარჩევის ფილტრი, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურად წარდგენის მიზნით მიმართავენ. ასევე, შემუშავდეს სტანდარტი ინტერესთა კონფლიქტის გამოსარიცხად.

„მიმაჩნია, რომ გიორგი მიქაუტაძე და დიმიტრი გვრიტიშვილი არ უნდა იყვნენ კანდიდატურები, რადგან ისნი არიან საბჭოს წევრები, წარმოადგენენ ორგანოს, რომელიც ახდენს კანდიდატების ნომინირებას და აქ არის ინტერესთა კონფლიქტი. მდივანი თავის თავს არ უნდა ასახელებდეს და შემდეგ უკვე მესამე პირში არ უნდა საუბრობდეს იმ კვალიფიკაციასა და ღირსებებზე, რომელიც თავად გააჩნია. ჩემი აზრით, ის არ შეეფერება ამ თანამდებობას, ობიექტურადაც თუ შევაფასებთ, რადგან მის მიმართ ძალიან ბევრი კითხვა არსებობს საზოგადოებაში, მისი საქმიანობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვერ უძლებს კრიტიკას. მან ამ ქვეყანას აკადრა , რომ ფურცლის ნაგლეჯიდან ამოიკითხა გვარები და წარადგინა პარლამენტში, ამიტომ მე ამ ადამიანის მიმართ ნდობა არ მაქვს“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ნაზი ჯანეზაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, ჩაერთოს სამუშაო ჯგუფში, ამასთან იმედ გამოთქვამს, რომ მისი მოსაზრებები იქნება მოსმენილი.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იუსტიციის უმაღლესო საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მოსამართლეების არჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებს შეიმუშავებენ.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...