2020 წლიდან დიზელის საწვავის იმპორტს აზერბაიჯანი ვეღარ განახორციელებს, მომწოდებელი, სავარაუდოდ რუსეთი იქნება

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, 2020 წლის პირველი იანვრიდან დიზელის საწვავზე ახალი ხარისხობრივი ნორმები ამოქმედდება. კერძოდ, მომავალი წლიდან საქართველოში დიზელის საწვავის იმპორტს აზერბაიჯანი ვეღარ განახორციელებს, საწვავის მომწოდებელი სავარაუდოდ რუსეთი იქნება. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი (1tv.ge) ავრცელებს.

მთავრობის დადგენილებით, მომავალი წლიდან საქართველოში იმპორტირებული და რეალიზებული დიზელის ტიპის საწვავის ხარისხობრივი ნორმები ევრო-5 სტანდარტის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. მიმდინარე ეტაპზე კი, ქვეყანაში მოქმედი ხარისხობრივი ნორმები დიზელის საწვავზე ევრო-4 შესაბამისია.

როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, საქართველოში დიზელის საწვავის ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანია, რომლის ხარისხობრივი მაჩვენებელი შეესაბამება ევრო-4 სტანდარტს, რაც ნიშნავს, რომ მომავალი წლიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან დიზელის საწვავის იმპორტის განხორციელება ვეღარ მოხდება და აზერბაიჯანს სავარაუდოდ რუსეთი ჩაანაცვლებს.

„დიზელის საწვავის ძირითადი მომწოდებელი მიმდინარე ეტაპზე არის აზერბაიჯანი, თუმცა აზერბაიჯანის გარდა, ასევე მნიშვნელოვანი მომწოდებლები არიან რუსეთი, რუმინეთი, ბულგარეთი. მომავალი წლიდან რთული იქნება იმაზე საუბარი, ვინ იქნება უმთავრესი მომწოდებელი, მაგრამ ალბათ, ლოგიკურად ძირითადი მომწოდებელი იქნება რუსეთი, რადგან რუსეთიდან გაცილებით მარტივად და შედარებით იაფად შეიძლება პროდუქტის მოწოდება, თუმცა, რა თქმა უნდა, იქნება ასევე რუმინეთიც, ბულგარეთიც, შეიძლება საბერძნეთიც იყოს და ასე შემდეგ. რუსეთი ეკონომიკური გათვლებით, ეკონომიით, რა თქმა უნდა, უკეთეს პირობებში იქნება, ვიდრე სხვა ქვეყნიდან იმპორტირებული პროდუქტი. რაც შეეხება ფასს, აზერბაიჯანიდან იმპორტირებული პროდუქტი საშუალოდ 15 თეთრით უფრო იაფია, ვიდრე რუსული. თუმცა, რუსეთი დანარჩენ იმპორტიორ ქვეყნებთან შედარებით მაინც მომგებიან პოზიციაშია“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბარში ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვანო მთვრალაშვილმა.

აზერბაიჯანული კომპანია „სოკარის“ აღმასრულებელი დირექტორის ლევან გიორგაძის განცხადებით, აზერბაიჯანი 2021 წლიდან გეგმავს ევრო-5 ტიპის საწვავის წარმოებას, შესაბამისად, მას საკმაოდ დიდი დანაკლისი ექნება.

„საუბარია, რამდენად ექნება ეფექტი 2020 წლიდან ევრო-5 სტანდარტზე გადასვლას საქართველოს გარემოსთვის. აქ ძირითადი ფაქტორი არის ავტოპარკი, რომელიც არ არის იმ სტანდარტის, რომ ამ საწვავის გაუმჯობესებას რაიმე აზრი ჰქონდეს. ვისაუბრეთ იმ შესაძლო დანაკარგებზე, რაც საქართველოს უმსხვილეს ინვესტორს „სოკარს“ ექნება და ასევე ვისაუბრეთ იმ ჩამნაცვლებლებზე, თუ ვინ იქნება ამ ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ბაზარზე. ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის დიზელის ტიპის საწვავის იმპორტი და რეალიზაცია, შესაბამისად, ვერ მოვახდენთ და მომგებიანობაც აღარ გვექნება. სხვა პროდუქტიც შემოგვაქვს, ევრო-4 დიზელი არის ერთადერთი პროდუქტი, რომელიც აზერბაიჯანიდან შემოგვაქვს, დანარჩენი ევროპიდან. ჩვენ გავაგრძელებთ რა თქმა უნდა, ევროპიდან შემოტანას და არც ქსელი არ გაჩერდება, უბრალოდ აქ საუბარია იმაზე, რომ ეს პროდუქტი, ევრო-4 დიზელი ჩვენი პროდუქტია და ამაში უკეთესი მომგებიანობა გვაქვს, ვიდრე სხვა პროდუქტებში“, – განაცხადა ლევან გიორგაძემ.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...