ნავთობკომპანიები ნედლ ნავთობზე ბუნებრივი დანაკარგების შესახებ კანონის ამოქმედებას ითხოვენ

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ბუნებრივი დანაკარგების შესახებ კანონის ამოქმედებას ითხოვს. "ბუნებრივი დანაკარგების ნორმების დადგენა ეხება ძირითადში ნედლ ნავთობს. სანავთობო ტერმინალები გადასატვირთად ღებულობენ ნედლ ნავთობს აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და სხვ. სადაც გამოიყენება ტრანსპორტირებისას არსებული ბუნებრივი დანაკარგების ერთიანი რეგიონალური ნორმები. საქართველოში ჯერ არ არსებობს საკანონმდებლო აქტი ნედლ ნავთობზე ბუნებრივი დანაკარგების შესახებ, რაც ართულებს პროცესს. განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, როდესაც პროდუქტის ფიზიკო-ქიმიური მახასიათებლებიდან  გამომდინარე, მაღალია ბუნებრივი დანაკარგები. ცნობისათვის, საზღვაო ნავთობტერმინალების საშუალებით ხდება რამდენიმე ათეული მილიონი ტონა ნავთობის მიღება-გატარება", – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

როგორც კავშირის ხელმძღვანელი, ვანო მთვრალაშვილი "აიპრესთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ პროდუქციის აორთქლება ბუნებრივი პროცესია. მთვრალაშვილის განმარტებით, კომპანიებს აორთქლებული პროდუქტის ფინანსური დაფიქსირება მაინც უწევთ, რაც მათ ნორმალურ საქმიანობაში უშლით ხელს.

"წელიწადის სხვადასხვა დროს მოცულობაში ხდება პროდუქციის აორთქლება ანუ დაკლება, ეს არის ბუნებრივი პროცესი. არ არის დადგენილი პროცენტი თუ რა რაოდენობით ხდება ნედლი ნავთობის აორთქლება, აორთქლებული პროდუქტი ფაქტიურად არ არსებობს, არ არსებობს კანონმდებლობა ამ საკითხის დარეგულირების, კომპანიებს უწევთ რომ აორთქლებული პრდუქცია საბუღალტრო და ფინანსურ ანგარიშებში დააფიქსირონ.

არარსებულ პროდუქტზე კომპანიებს უწევთ სხვადსხვა ტიპის გადასახადის გადახდა, ეს არის პრობლემა, რომელიც კომპანიების ნორმალურ საქმიანობას უშლის ხელს. დანაკლისი დათვლილი არ არის, ზაფხულში მეტია, ზამთარში ნაკლები. რამდენიც არ უნდა იყოს, სამართლიანობიდან გამომდინარე ეს ნორმა მიღებული უნდა იყოს. მსგავსი ნორმა არის ყაზახეთში, აზერბაიჯანში, რსეთში, თურქეთში ასევე ევროკავშირის გვეყნებში. ეს არის აღიარებული მთელი მსოფლიოს მიერ", – აღნიშნავს მთვრალაშვილი.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, რომ მათ 2014 წლის 17 სექტემბერს  მიმართეს საქართველოს პარლამენტს თხოვნით "ნედლი ნავთობის ბუნებრივი დანაკარგების ნორმების” დებულების  მიღებასთან დაკავშირებით. აღნიშნული საკითხი შესასწავლად გადაეგზავნა სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, რის შედეგადაც სააგენტოში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევიდნენ კავშირის, "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" და საკუთრივ სააგენტოს წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა "ნედლი ნავთობის ბუნებრივი დანაკარგების ნორმების შესახებ" დებულების პროექტი, რომელსაც ეთანხმებიან საქართველოში მოქმედი ნავთობტერმინალები. "2015 წლის 10 ივლისს  საქართველოს პარლამენტმა მიიღო  კანონი "ნავთობისა და გაზის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, სადაც ჩვენს მიერ დასმული საკითხი სამწუხაროდ არ არის გათვალისწინებული", – განმარტავენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად