“ნავალნის მხარი უნდა დავუჭიროთ” – ინტერვიუ კახა გოგოლაშვილთან

რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი მოწამვლის შემდეგ პირველად ჩავიდა რუსეთში. იმის მიუხედავად, რომ მისი დაჭერა ყველასთვის პროგნოზირებადი იყო ის სამშობლოში მაინც დაბრუნდა და თქვა, რომ ის სახლში დაბრუნდა. როგორც კი მედიასთან კომენტარი დაასრულა, ის მაშინვე დაიჭირეს. ბოლო ინფორმაციით, მას 30 დღიანი პატიმრობა შეეფარდა. რა იქნება მომავალში და რა პროცესები განვითარდება, ამას დრო აჩვენებს.

შესაძლებელია თუ არა ხალხში რევოლუციური განწყობების გაღვიძება და შეიცვლება თუ არა რუსეთში რამე? რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს საქართველოს ნავალნის მიმართ მაშინ, როდესაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს ტერიტორიებად არ აღიარებს? – ამ და სხვა საკითხებზე „აიპრესთან“ ინტერვიუში „ევროპული კვლევების ცენტრის“ დირექტორი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი კახა გოგოლაშვილი საუბრობს:

_ ნავალნის ქმედებას ერთგვარი პერფორმანსი შეიძლება დავარქვათ. მან ალბათ თავადაც იცოდა, რომ დააკავებდნენ, მაგრამ მან გაბედა და ჩავიდა რუსეთში. ეს გამოიწვევს თუ არა რაღაც პროცესებს რუსეთში, რომ ხალხის განწყობა უფრო რევოლუციური გახდეს არსებული რეჟიმის მიმართ?

_ რუსეთის დაძვრა ადგილიდან ძალიან ძნელია, ინერტული სახელმწიფოა, თანაც პუტინმაც ისეთი სისტემა შექმნა, რუსეთისთვის სიცოცხლისუნარიანი სისტემა. ანუ ის ფასეულობები, რომლითაც განვითარდა რუსული საზოგადოება დააკონსერვა და ამ დაკონსერვებულ მდგომარეობაშია. კი, ეს წინააღმდეგობაში მოდის ახალგაზრდების შეხედულებებთან, მაგრამ ამას დრო სჭირდება.

ნავალნი იმიტომ დაბრუნდა, რომ ეს მისთვის მნიშვნელოვანია. მას შეუძლია კეთილდღეობა მოიწყოს, იცხოვროს უცხოეთში, როგორც დისიდენტმა, ჰქონდეს უკეთესი მატერიალური შესაძლებლობები, დაცულობა და ა. შ. მაგრამ მისთვის უმნიშვნელოვანესია ეს იდეა, რომ რაიმე შეცვალოს რუსეთში. ეს უფრო მნიშვნელოვანია მისთვის და ზუსტად ამიტომ დაბრუნდა.

რუსეთში ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები. წინა არჩევნებზე მისი პარტია დაბლოკეს, მაგრამ ახლა თუ რამეს მოახერხებს და ამ არჩევნებზე შეძლებს მონაწილეობის მიღებას, შეიძლება ისე მოხდეს, რომ პარლამენტშიც აღმოჩნდეს. ალბათ რაღაც იმედები აქვს და პოლიტიკური ბრძოლას გააგრძელებს. მისთვის მნიშვნელოვანი იყო მაგალითის მიცემა სხვა რუსებისთვის, რომ კი არ გაიქცნენ… პუტინსაც ეს უნდოდა, რომ მას შეშინებოდა ჩასვლის.

_ ამ ქმედებით ნავალნიმ სხვებს დაანახა, რომ უნდა ვიბრძოლოთო?

_ კი, ეს იყო მაგალითის მიცემა, რაც ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია. ასევე რეალიზაცია. პოლიტიკოსის რეალიზაცია, გააჩნია რა პირობებში როგორ ხდება. ზოგ შემთხვევაში შესაძლოა პირიქით ემიგრაციაში დარჩენა სჯობდეს. მაგალითად, ბელარუსში ოპოზიციის ბევრი ლიდერი უცხოეთში დარჩა. იქ პირდაპირ განადგურება ელოდათ – ციხეში ამოლპობა.

_ ამ ეტაპზე რუსეთში ეგ საფრთხე არ არის?

_ რუსეთში ნავალნი პირობითად იყო გამოშვებული. მას რაღაც პრობლემებს უქმნიან, მაგრამ ბელარუსში ეს კიდევ უფრო დრამატულ ხასიათს ატარებს. იქ პოლიტიკური ფიგურები მოკლეს კიდევაც. რა თქმა უნდა რუსეთშიც კლავენ და ნემცოვიც მოკლეს, მაგრამ ის ბელარუსი პოლიტიკოსები, ვინც საზღვარგარეთ დარჩნენ, ის პრაქტიკულად გააგდეს ქვეყნიდან და შესაძლოა არც კი შეუშვან, მაგრამ რომც დაბრუნდნენ, ამ ვითარებაში ვერაფერს შეცვლიან.

_ პოტენციურად რომ განვიხილოთ ნავალნი რუსეთის ხელისუფლებაში, როგორი უნდა იყოს საქართველოს დამოკიდებულება? მისაღები უნდა იყოს ის იმ ვითარებაში, როდესაც ის არ აღიარებს საქართველოს ნაწილად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს?

_ ჩვენთვის მისაღებია ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც რუსეთს რაღაც პროგრესის გზაზე დააყენებს. ყველა პოლიტიკოსს აქვს თავისი პროგრამა და თავისი მიზნები. პოლიტიკა არ არის გულახდილობის ადგილი. გულახდილად რას ფიქრობს და უნდა აღიაროს თუ არა აფხაზეთი ჩვენ ტერიტორიად, ამას ჩვენ ვერ გავიგებთ. მაგრამ რუსეთის იმპერიაში, რომელიც პუტინმა ჩამოაყალიბა და რომელშიც აცხოვრებს რუსეთის მოსახლეობას, იქ რომ რაღაც ელექტორატის მხარდაჭერა მოიპოვოს, მან რაღაც პოზიციები უნდა დაიკავოს. ამ შემთხვევაში იგივე ყირიმთან დაკავშირებით სენსიტიურია რუსეთის მოსახლეობა.

იქ ისეთი პიარი გაკეთდა ამ მიმართულებებით, რომ ასე ჩამოყალიბდა რუსეთის საზოგადოება. მაგალითად, რუსეთის მოსახლეობის უმეტესობას ჰგონია, რომ მართლა იყო გენოციდი ცხინვალის რეგიონში და თურმე ქართველებმა მოაწყვეს გენოციდი. ბევრი სხვა რაღაცა, მათ შორის ის, რომ თითქოს ეს ტერიტორიები – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არასდროს არ ეკუთვნოდა საქართველოს.

_ ანუ, პროპაგანდა მუშაობს?

_ პროპაგანდა იმდენად მუშაობს, რომ იმ საზოგადოებასთან სხვანაირი ენით ლაპარაკი გამორიცხულია და ამით ის დაკარგავს მთელ ამომრჩეველს. ამიტომ, არ მიკვირს, რომ მან არ გამოაცხადოს ის, რომ ყირიმი უკრაინაა და აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოა და ა. შ.

მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ნავალნი მიაღწევს რაღაც შედეგებს, ეს ჩვენ ინტერესებში არ შედის. ეს ჩვენ ინტერესებშია. იმიტომ, რომ ნებისმიერი დემოკრატიული ცვლილება რუსეთში და შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი ცვლილება დადებითი იქნება. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მას. თუ იქნება რუსეთში ცივილიზებული მთავრობა, რომელიც ფიქრობს თავის ხალხზე, თავის ქვეყანაზე და მის მომავალზე თუ ფიქრობს, მასთან საუბარი შესაძლებელი იქნება. პუტინთან საუბარი კი შეუძლებელია ამ თემებზე.

_ აღნიშნეთ, რომ ნავალნის მხარი უნდა დავუჭიროთო და ეს მხარდაჭერა სახელმწიფოს დონეზეც უნდა გამოიხატოს თუ საზოგადოებას გულისხმობთ?

_ კარგი იქნება თუ სახელმწიფოს დონეზე გამოიხატება ეს მხარდაჭერა, მაგრამ ეს შეუძლებელია დღევანდელ პირობებში, ამიტომ მე ამაში ვგულისხმობ საზოგადოების მხარდაჭერას. როდესაც აქეთ პუტინი დგას და იქით ნავალნი და მეტი არავინ არ არის, მაშინ რა თქმა უნდა, სიმპათია ნავალნის მხარეზე უნდა იყოს. თუ გამოჩნდებიან სხვა ისეთი პოლიტიკოსები, რომელიც უფრო შედის საქართველოს ინტერესებში, მერე შესაძლოა მათ დავუჭიროთ მხარი, მაგრამ დღეს ბრძოლა ამ ორ პოლიტიკურ ფიგურას შორის მიდის და თანაც ძალიან დიდი განსხვავებაა ბალანსის თვალსაზრისით. ძალის ბალანსი რა თქმა უნდა პუტინის მხარეზეა, მაგრამ მორალური ძალა მაინც ნავალნის მხარეზეა.

მისი ნაბიჯები მისაღებია, როდესაც ის სიკვდილსაც არ შეუშინდა და უკან ბრუნდება რუსეთში. საერთოდ მისი ქცევა, რაც ის  მოწამლეს და ზუსტად იცის, ვინც მოწამლა, ის მაინც თავშეკავებულია. ვინც უკვირდება მის განცხადებებს, ამას დაინახავს. ამ ვითარებაშიც კი პოლიტკორექტულია, როდესაც იცის, რომ ვერაგულად მოწამლეს და სასიკვდილოდ გაიმეტეს. თავის მოქმედებებში ის ძალიან ჰგავს ნამდვილ ევროპელ პოლიტიკოსს. დასავლური ტიპის პოლიტიკოსს ჰგავს და რა თქმა უნდა, მისი ნებისმიერი გავლენა რუსეთის პოლიტიკაზე ყოველთვის დადებითი იქნება და ჩვენთვის სასარგებლო.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად