ნავალნის ექიმები მის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ

პატიმრობაში მყოფი რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის ექიმები კრიტიკულად აფასებენ პაციენტის მდგომარეობას მიღებული ანალიზების შედეგად და დაუყოვნებლად მოითხოვენ ნავალნისთან ციხეში შეშვებას.

ამის შესახებ ნავალნის პირადმა ექიმებმა, ანასტასია ვასილიევამ და იაროსლავ აშიმხინმა ტვიტერის საშუალებით გაავრცელეს ცნობა. იაროსლავ აშიმხინის თქმთ ნავალნის იმდენად კატასტროფულად მაღალი აქვს კალიუმი, რომ სასწრაფოდ საჭიროებს გემოდიალიზს. „წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს ბლოკადა, რაც გამოიწვევს გულის გაჩერებას ან მოხდება მძიმე არითმია“, – წერს აშიმხინი.

თებერვლის ბოლოდან კრემლის კრიტიკოსი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი იმყოფება პოკროვის გამოსასწორებელ კოლონიაში. საპატიმროში პოლიტიკოსის მდგომარეობა დამძიმდა, მას დაეწყო ძლიერი ტკივილები ზურგსა და ფეხებში. კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მოთხოვნით, 31 მარტს ნავალნიმ შიმშილობა გამოაცხადა.

კოლონიის ექიმებმა მას ხერხემალზე ორი თიაქარი აღმოუჩინეს. მისი პირადი ექიმი, ანასტასია ვასილიევა, და მისი ადვოკატები ირწმუნებიან, რომ პოლიტიკოსი არ იღებს ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას. სასჯელაღსრულების ფედერალური უწყება კი აცხადებს, რომ ნავალნის სათანადოდ მკურნალობენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...