ნაცვლიშვილი: ვერ ვიტყვი, რომ ბჟანია ცალსახად პროქართული პოლიტიკოსია, მაგრამ რუსეთის პოლიტიკას არ ემორჩილება

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ბექა ნაცვლიშვილის შეფასებით, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს აფხაზეთთან მიმართებაში აქვს გარკვეული პოლიტიკა, რაც ძალიან კარგია, – ​ამის შესახებ ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტში გამართული დახურული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც საუბარი და შეკითხვები შეეხო აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.

“გულწრფელად რომ გითხრათ, იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა. დავინახეთ, რომ უსაფრთხოების სამსახურს აქვს გარკვეული პოლიტიკა აფხაზეთთან მიმართებაში. რუსეთმა შეიძლება ითქვას, მისი სურვილის მიხედვით ვერ დაალაგა ვითარება აფხაზეთში, მაგრამ ახლა უნდა ველოდოთ, მოცემულობიდან გამომდინარე რუსეთის ხისტ პოლიტიკას აფხაზეთთან მიმართებაში, რამაც შესაძლოა, აფხაზური საზოგადოების განწყობები რუსეთის მიმართ შეცვალოს.

როგორც ვითარება იკვეთება, მოვლენებმა, რასაც ადგილი ჰქონდა აფხაზეთში, შეიძლება ითქვას, რუსეთს აფხაზური საზოგადოება დააშორა, მაგრამ საინტერესოა, როგორი იქნება თავად რუსეთის ნაბიჯი. ვერ ვიტყვი, რომ ბჟანია ცალსახად პროქართული პოლიტიკოსია, მაგრამ ის არ არის ისეთი მორჩილი რუსეთის პოლიტიკის მიმართ, როგორიც შეიძლება ვთქვათ, ანქვაბი” -განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ცნობისათვის: პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა დახურულ ფორმატში დღეს სუს-ის თანამშრომლებს მოუსმინეს.

ჯგუფის ხელმძღვანელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, მომხსენებელი კი, უწყების ანალიტიკური სამსახურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი საბედაშვილი იყვნენ. განხილვის მთავარი თემა ბოლო პერიოდის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებული პროცესები იყო, სადაც მათ დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად