A1 ბანერი

ნაცვლიშვილი: თუ TBC ბანკს შეეხო შერჩევითი მართლმსაჯულება, ადვილი წარმოსადგენია რამდენად დაუცველები ვართ “რიგითი მოქალაქეები”

ამის შესახებ სოციალურ ქსელში იურისტი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგვლაშვილის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი წერს.

“TBC ბანკის ირგვლივ მიმდინარე პროცესი მრავლისმთქმელია და ბევრ რამეზე შეიძლება საუბარი, მაგრამ ყველაზე ნათლად იმას აჩვენებს ალბათ, რომ ამ ქვეყანაში არავის აქვს ფუფუნება იფიქროს, რომ თუ როგორ მოეწყობა მართლმსაჯულება, ეს “შორეული” “პოლიტიკური” თემებია და მასთან არაა დაკავშირებული. ყველაზე დიდ და მსხვილ, შესაბამისად – გავლენიან და სტაბილურ ბიზნესსაც კი არ აქვს ამის ფუფუნება, რადგან როგორც ვხედავთ, მასაც კი შეიძლება შეეხოს შერჩევითი და არასათანადოდ მოტივირებული მართლმსაჯულება (ამ შემთხვევაში, ჯერ პროკურატურა და შემდეგ უკვე – სასამართლო). თუ ამისგან არ არის დაცული ისეთი მსხვილი და გავლენიანი აქტორი, როგორიც TBC ბანკია, მაშინ ადვილი წარმოსადგენია, რამდენად დაუცველები ვართ და მომავალშიც ვიქნებით ე.წ. “რიგითი მოქალაქეები” იმგვარი მართლმსაჯულების პირობებში, რომელიც სამართლიანობის მიღწევის პროცესი კი არა, ერთი კაცის ან პატარა ჯგუფის პოლიტიკური ნების გატარების ინსტრუმენტიღა იქნება! ამიტომ დღეს, როდესაც კრიტიკულ ნიშნულზეა სასამართლოში შექმნილი კრიზისი (საბჭოს მიერ უკანა ჯიბიდან ამოცურებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის პირობებში) და როცა პროკურატურა, სასამართლოს მსგავსად, საზოგადოებაში ვერანაირ ნდობას ვერ იწვევს (სავსებით ლეგიტიმურად), ყველა ერთად უნდა დაფიქრდეს – დიდიც და პატარაც, გავლენიანიც და უუფლებოც, სად უნდა დადგეს იმისთვის, რომ საკუთარი დაცულობის მყარი და რეალური გარანტიები შექმნას – დამოუკიდებელი სასამართლოს და დეპოლიტიზირებული პროკურატურისთვის ბრძოლით. თუ ამას ვერ გავაცნობიერებთ, მხოლოდ დროის საკითხია, ვინ როდის გავხდებით შერჩევითი და უსამართლო მართლმსაჯულების შემდეგი მსხვერპლი.
#თიბისიჩემიბანკია
#არაშერჩევითმართლმსაჯულებას
#ბრძოლადამოუკიდებელიმართლმსაჯულებისათვის
#ყველამერთადუნდავიბრძოლოთ”- 
წერს ანა ნაცვლიშვილი.

შეგახსენებთ,  პროკურორმა სალომე ჩიქობავამ ჟურნალისტებთან განაცხა, რომ გამოძიება “თიბისი ბანკს” 17 მილიონი აშშ დოლარის გათეთრებას ედავება , რომელიც 2008 წლის აპრილში და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M”-მა,  ,,თიბისი ბანკი“-სგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს.

ცნობისთვის, TBC-მა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ყველა პოლიტიკური მმართველობის პერიოდში, თიბისი ბანკი არაერთხელ ყოფილა თავდასხმის ობიექტი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...