ნაცვლიშვილი “შრომის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებების წინააღმდეგ: უნდა დაწესდეს მინიმალური ხელფასი 500 ლარი!

პარლამენტი დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, “შრომის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც “ქართული ოცნების” წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა მოამზადა, ცალსახად გააუარესებს მშრომელების მდგომარეობას.

ასე გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი „შრომის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს დღევანდელ ბრიფინგზე.

„თუ გადახედავთ გაფიცვების თემას, მშრომელთა ძირითად მოთხოვნას ხელფასების გაზრდა წარმოადგენს. თუ ჩვენ დავაწესებთ შეზღუდვას მხოლოდ სამუშაო დროზე (რითაც ავტომატურად 2 სამსახურში მუშაობის უფლებას წავართმევთ) და ამავდროულად არ დავაწესებთ მინიმალურ ხელფასს, ამით მათი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდება. წარმოიდგინეთ მაგალითად, ექთანი, რომელსაც აქვს 300 ლარი და იძულებულია სხვა სამსახურშიც იმუშაოს იმისთვის, რომ ოჯახი არჩინოს. თუ მას სხვა კლინიკაში მუშაობის უფლებას წავართმევთ და არ დავაწესებთ მინიმალურ ხელფასს, მაშინ მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდება. ამიტომ ჩვენ უკვე დარეგისტრირებული გვაქვს შრომის კოდექსში ამ მიმართულებით შესატანი ცვლილებები, რომელიც ქართულ კონტექსტსა და მშრომელების საჭიროებებზეა მორგებული. ეს გავაკეთეთ საზოგადოებასთან შეხვედრების საფუძველზე. ჩვენ დავიწყეთ შეხვედრები რეგიონებში, რომ ჩვენ მიერ მომზადებული ინიციატივა საზოგადოებას გავაცნოთ და მისი განხილვა დახურულ კარს მიღმა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან და ასოციაციებთან ერთად არ მოხდეს. ის ცვლილებები, რომელიც ჩვენ მიერაა დარეგისტრირებული, არის რეალურად ის , რამაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეცვალოს და გააუმჯობესოს მშრომელთა მდგომარეობა საქართველოში“, – განაცხადა  ბექა ნაცვლიშვილმა.

ბექა ნაცვლიშვილის თქმით, თუ დაწესდება 40-საათიანი სამუშაო კვირა და ზეგანაკვეთური მუშაობა შეიზღუდება, ამავდროულად უნდა დაწესდეს მინიმალური ხელფასი და ზეგანაკვეთური 1, 25-ის ოდენობით კი არ უნდა ანაზღაურდეს, არამედ 1, 5 -ით.

„ჩვენ მიერ დაინიცირებული კანონპროექტი გულისხმობს მინიმალურ ხელფასს 500 ლარის ოდენობით სრული განაკვეთით მუშაობის დროს და ერთნახევარი ოდენობით საათობრივ ანაზღაურებას“, – თქვა ბექა ნაცვლიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად