ნაცვლიშვილი მურუსიძეზე: თუ სინდისი გაქვს, უნდა დატოვო სისტემა, მაგრამ როცა არ გაქვს, დარჩები

ანა ნაცვლიშვილი ლევან მურუსიძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში უვადოდ გაამწესების გადაწყვეტილებას facebook-ის გვერდზე ეხმაურება და მას მიმართავს, რომ თუ სინდისი აქვს, თანამდებობა უნდა დატოვოს.

“ისევ მურუსიძე! და მის მიერ ისევ ბატკნის უმწიკვლობით ნათქვამი, რომ მოიქცა კანონიერად და სხვაგვარად ვერ მოიქცეოდა გირგვლიანის საქმეში… აქა სამართლებრივი პასუხი იმაზედ, თუ რისი გაკეთება შეეძლო მას როგორც მოსამართლეს. ხოლო უფრო მარტივი, ადამიანური პასუხი არის შემდეგი: მოსამართლის ფუნქცია არის ქმნა მართლისა სამართლისა! თუ ხედავ, რომ სისტემა, კანონი და სხვა ამის შესაძლებლობას არ გაძლევს ( გირგვლიანის საქმეში კი ჰქონდა სხვა სამართლებრივი გამოსავალი, მაგრამ დავუშვათ, რომ არ ჰქონოდა) რა მოტივაციით უნდა დარჩე მოსამართლედ ? თუ სინდისი გაქვს, უნდა დატოვო სისტემა, მაგრამ როცა არ გაქვს – დარჩები”,-წერს ანა ნაცვლიშვილი.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 14 წევრიდან, 11-მა ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში უვადოდ გაამწესა. როგორც საბჭოს არა მოსამართლე წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ირმა გელაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, მათ მურუსიძის სასამართლოში უვადოდ გამწესების წინააღმდეგ მისცეს ხმა, ხოლო ანა დოლიძემ განაცხადა, რომ მან კენჭისყრაში საერთოდ არ მიიღო მონაწილეობა და გაბათილდა ბიულეტენი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად