ნაცვლიშვილი მალინის წერილზე: ვისაც რეალურად აინტერესებს, რა ხდება „ფრონტერას“ საკითხზე, დედოფლისწყაროში ჩავიდეს

“ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელმაც ასე სიხარულით გაიზიარა კონგრესმენ მალინის განცხადება, ჩვეულებრივი კოლონიური მენტალობის და ცნობიერების ადამიანია.”

ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ბექა ნაცვლიშვილი დღევანდელ ბრიფინგზე ამერიკელი კონგრესმენ მარკუეინ მალინის ღია წერილს, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს.

ბექა ნაცვლიშილის თქმით, ქართველი პოლიტიკოსების გუშინდელმა განცხადებებმა კონგრესმენ მალინის წერილზე კიდევ ერთხელ გამოაჩინა ქართული პოლიტიკური კლასის პროვინციული ხასიათი.

“ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ამ წერილს დიდი სიხარულით შეხვდა, არის კოლონიური ცნობიერების პოლიტიკოსი. ასეთი პოლიტიკოსების ადგილი პოლიტიკაში არ არის. „ქართული ოცნების“ პოლიტიკა მთლიანად ტრაგედიაა. გამომდინარე იქიდან, რომ ვერ იცავს ვერც საკუთარი მოქალაქეების, ვერც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ბექა ნაცვლიშვილის შეფასებით, ამერიკელი კონგრესმენი თავს უფლებას აძლევს, ის კომპანია დაიცვას, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებებს პირდაპირ არღვევს.

„ვისაც რეალურად აინტერესებს, რა ხდება „ფრონტერას“ საკითხზე, შეუძლია, დედოფლისწყაროში ჩავიდეს. ვისაც გული შესტკივა კომპანია „ფრონტერას“ მიმართ, ამ კომპანიის საქმიანობას გადახედოს არამხოლოდ საქართველოში, არამედ საქართველოს საზღვრებს გარეთ და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ადეკვატური რეაქცია ჰქონდეს. იქ ადამიანებს არც სპეცაღჭურვილობა აქვთ, რომლითაც ისინი უნდა მუშაობდნენ და დასაქმებულები უნდა იყვნენ. თქვენ წარმოიდგინეთ, 11 თვის ხელფასი არ აუღიათ და რომელიღაც ამერიკელი პოლიტიკოსი, არ ვიცი რა მოტივაციით, ფული აქვს აღებული თუ გაუთვითცნობიერებელია ამ ვითარებაში, თავს უფლებას აძლევს, რომ ჭკუა ასწავლოს ქართულ სახელმწიფოს, რაც არის ძალიან ცუდი. ეს ქართული უსუსურობაა, რომ ვერც ინფორმაციას აწვდის, ვერც თავს იცავს და ვერც საკუთარ მოქალაქეებს. ამერიკელი კონგრესმენი თავს უფლებას აძლევს, მოგვიწოდოს და ის კომპანია დაიცვას. კონგრესმენი ამ თავისი განცხადებით, იმ კომპანიის უფლებებს იცავს, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებებს პირდაპირ არღვევს და ექსპლუატაციას ახდენს საქართველოს მოქალაქეების და იქ დასაქმებულების. ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელმაც ასე სიხარულით გაიზიარა კონგრესმენ მალინის განცხადება, ჩვეულებრივი კოლონიური მენტალობის და ცნობიერების ადამიანია, რომელსაც ამ ქვეყნის ბედი არავითარ შემთხვევაში ხელში არ უნდა ჩავუგდოთ“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად