ნაცვლიშვილი: ერთ-ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც პანდემიამ გვასწავლა, მომსახურების სექტორში დასაქმებული ადამიანების შრომის დაფასებაა

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, პანდემიამ გვასწავლა მომსახურეობის სექტორში მომუშავე ადამიანების დაფასება, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილია. მისივე თქმით, იმ ადამიანებს, რომელთა მხრებზეც გადადის ეს ურთულესი პერიოდი ყველაზე დაბალი ხელფასი და არამდგრადი შრომის პირობები აქვთ.

მისი თქმით,  ამ ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ, რომ ძალიან ვაფასებთ მათ შრომას და ეს უნდა გამოისახოს მათ ანაზღაურებაზე და არა ცარიელ სიტყვებში.

„ერთ-ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც პანდემიამ გვასწავლა, მომსახურების სექტორში დასაქმებული ადამიანების შრომის დაფასებაა. ესენი არიან ჯანდაცვის, ტრანსპორტის, საცალო ვაჭრობის სფეროში დასაქმებული ადამიანები – ისინი, ვინც კრიზისის დროს ემსახურებიან ადამიანებს საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად. სწორედ, მათი წყალობით ვართ საკვებით, სამედიცინო საშუალებებით და სხვა პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფილი. მიუხედავად ამისა, სწორედ ამ ადამიანებს რომელთა მხრებზეც გადადის ეს ურთულესი პერიოდი აქვთ ყველაზე დაბალი ხელფასი, ყველაზე გრძელი სამუშაო საათები და ყველაზე არამდგრადი შრომის პირობები. მათი პრობლემების დიაპაზონი ძალიან ვრცელია – შეუსაბამოდ ცოტა ექთანსა და სანიტარს უწევს შეუსაბამოდ დიდი რაოდენობის პაციენტზე ზრუნვა, დანაკლისის ანაზღაურებას ხშირად მარკეტებში დასაქმებულ კონსულტანტებს და მოლარეებს აკისრებენ, ეს მაშინ როცა თითქმის არ ხდება ზეგანაკვეთური და ღამის შრომის ანაზღაურებაც კი. მიუხედავად ამ პროფესიებს შორის დიდი სხვაობისა, ჯანდაცვისა და საცალო ვაჭრობის სფეროში დასაქმებული ადამიანები თითქმის იდენტურ ხელფასს იღებენ. ეს არის 300-500 ლარი, მაშინ როცა მათი სამუშაო დრო კვირაში 50-80 საათს შეადგენს. ეს რეგულარული პრობლემები, რასაც ისინი ყოველ დღე აწყდებიან, კიდევ უფრო გამწვავდა პანდემიის პერიოდში.

მე დიდი ხანია ვთანამშრომლობ მომსახურების სფეროში დასაქმებულ ადამიანებთან. ჩვენ ერთად ვიბრძოდით და ვიბრძვით მინიმალური ხელფასისა და ღირსეული შრომის პირობებისთვის, რათა მოხდეს მათი შრომის საბაზისო პირობებითა და შესაბამისი ანაზღაურებით უზრუნველყოფა, როგორც მანამდე, ისე პანდემიის დროს და მის შემდეგაც.

მე არა მხოლოდ მადლობა მინდა გადავუხადო მომსახურების სფეროში დასაქმებულებს, რომლებიც დაუღალავად ემსახურებიან ქვეყანას, მაშინ როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი სახლში რჩება, არამედ ვპირდები მათ, რომ კვლავ გავაგრძელებ ბრძოლას მათი შრომის ღირსეული პირობებისთვის. ჩვენ ამ ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ, რომ ძალიან ვაფასებთ მათ შრომას და ეს უნდა გამოისახოს მათივე ანაზღაურებაში და არა ცარიელ სიტყვებში. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას ყველაფერი გააკეთოს პანდემიის დროს და მის შემდეგაც რომ დავანახოთ მომსახურების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს რამდენად მნიშვნელოვანი მათი შრომა ჩვენთვის, საზოგადოებისთვის და მოახდინოს მათი შესაბამისი კომპენსაცია. პანდემიის პერიოდში მთავრობამ უნდა აწარმოოს სისტემატური მონიტორინგი, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმები სრულადაა დაცული დამსაქმებლების მიერ. პანდემიის დასრულების შემდეგ კი, მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პარლამენტს, რომ მხარი დაუჭიროს მინიმალური ხელფასის კანონით განსაზღვრას და ღამისა და ზეგანაკვეთური შრომის საათობრივი ანაზღაურების 1,5 ოდენობით გაზრდას, რაც დაეხმარებათ დასაქმებულებს მეტად დაცულად იგრძნონ თავი. დროა ქვეყანამ გადახედოს პრიორიტეტებს და ერთხელ და სამუდამოდ მომსახურების სფეროში დასაქმებული პირების თავდაუზოგავი შრომა დავაფასოთ, რასაც ისინი ნამდვილად იმსახურებენ“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

აღნიშნულ კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად