“ნაცმოძრაობა” ზუგდიდში გამართულ აქციას ვანდალიზმს უწოდებს და დამნაშავეების დასჯას ითხოვს

ზუგდიდში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში პარტიის ლიდერები იმყოფებიან. მათ წუხელ გამართული აქცია შეაფასეს და მომხდარს ვანდალიზმი უწოდეს. ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ისინი ზუგდიდის პოლიციისგან პასუხს ითხოვენ, თუ რატომ არ მოახდინეს რეაგირება დანაშაულის შემცველ ფაქტზე. ამასთან, ზუგდიდის მერს იმ საჯარო მოხელეების სიას გადასცემენ, რომლებიც ენმ-ს წინააღმდეგ აქციაში მონაწილეობდნენ.

“ეს ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ძალადობრივად გაუსწორდნენ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს. ოპოზიციის ოფისებზე მიმდინარეობს მუდმივი თავდასხმა. ასე იყო ქუთაისში, მცხეთაში და ასევე გუშინ ზუგდიდში. სპეციალურად დაგეგმილი, საჯარო მოხელეების მიერ ხორციელდებოდა ვანდალიზმის აქტი, ჩაამსხვრიეს შუშები. ეს ყველაფერი არის ხელისუფლების შემოქმედება. ამაზე გვექნება საუბარი პოლიციასთან, პასუხი გაგვცენ, რატომ არ მოახდინეს ამასთან დაკავშირებით რეაგირება. ასევე ვითხოვთ მერთან შეხვედრას, რომ გადავცეთ იმ საჯარო მოხელეების სია, ვინც მონაწილეობდა ამ ვანდალურ აქტში”, – თქვა ხატია დეკანოიძემ.

ისინი ამ წუთებში ზუგდიდის პოლიციის განყოფილებასთან იმყოფებიან და პოლიციის უფროსთან შეხვედრა სურთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად