„ნაცმოძრაობა“: ანზორ ბოლქვაძე და ვახტანგ ბერიძე ცდილობენ, შშმ პირები მოისყიდონ მეორადი გერმანული გადასაადგილებელი ეტლებით, ლეიბებითა და საწოლებით

„ნაციონალური მოძრაობის“ ხულოს რეგიონალურ ოფისში წინასაარჩევნო მოსყიდვაზე საუბრობენ. როგორც პარტიის წევრები ირწმუნებიან, მმართველი გუნდი მაღალმთიანეთის ამომრჩევლებისთვის საწოლებს, ლეიბებსა და შშმ პირთა ეტლებს არიგებს და ამ მეთოდით ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს.

„ანზორ ბოლქვაძე და ვახტანგ ბერიძე ცდილობენ, შშმ პირები მოისყიდონ მეორადი გერმანული გადასაადგილებელი ეტლებით, ლეიბებითა და საწოლებით. გუშინ, ჩემი ამ ადგილას ყოფნის გამო, ვერ გაბედეს და ვერ წაიღეს, რადგან ამას დაარიგებენ, თვითონ საჯარო მოხელეები, თანამდებობის პირები და არ უნდათ ამის ამსახველი მასალა გადავიღოთ. მე მათ ვპირდები, რომ ყველა ასეთ ფაქტს, აუცილებლად მივყვები ბოლომდე“, – განაცხადა ხულოს საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ლევან მახარაძემ.

ინვენტარით დატვირთული მანქანა, აჭარის ტელევიზიამ, ხულოს მერიასთან დააფიქსირა, სადაც აცხადებენ, რომ ტვირთი არასამთავრობო ორგანიზაცია „ქველმოქმედებას“ ეკუთვნის. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სამედიცინო ინვენტარი ნამდვილად მათი საკუთრებაა და მუნიციპალიტეტში მოწყვლადი ჯგუფებისთვისა განკუთვნილი. „ქველმოქმედებაში“ აცხადებენ, რომ ორგანიზაცია 2010 წლიდან ფუნქციონირებს და გერმანიიდან მარაგდებიან. ორგანიზაციაში პოლიტიკურ ინტერესებს გამორიცხავენ. ოპოზიციის ბრალდების ერთ-ერთი ადრესატი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძეა, რომელიც გავრცელებულ ბრალდებას სიცრუეს უწოდებს და ირწმუნება, რომ აღნიშნული ინვენტარის შესახებ ინფორმაცია მედიისგან გაიგო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად